თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი აგრძელებს წარუმატებელი გამოსვლების სერიას ტოკიოში მიმდინარე გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე.
ტურნირის მე-10 დღეს ტოჩინოშინმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო (ტურნირზე მეშვიდე). აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა აკისეიამასთან გამართულ ბრძოლაში ქართველი სუმოისტი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ამისათვის მას სულ მცირედი დააკლდა.
ამ წაგების შედეგად ტოჩინოშინმა კიდევ გაიუარესა თავისი ბალანსი – სამი მოგება და შვიდი წაგება. დადებითი ბალანსის დასაბრუნებლად ქართველმა სუმოისტმა დარჩენილი ხუთივე შერკინება უნდა მოიგოს, რაც უკვე ძალიან საეჭვოა.
მომდევნო შეხვედრას ტოჩინოშინი გამართავს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ტიოტაირიუს წინააღმდეგ - მეტოქეები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.
ამჟამინდელი გაზაფხულის ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ტაკარაფუძია. იაპონელ სუმოისტს ცხრა შეხვედრიდან რვა გამარჯვება და ერთი წაგება აქვს.
ჰარუ ბაშო 28 მარტამდე გაგრძელდება.