ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

ჯანდაცვის მინისტრმა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის გადაწყვეტილება ახალციხის კლინიკაში ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

ჯანდაცვის უწყება ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას გეგმავს>>

ჯანდაცვის მინისტრმა აცრა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა, სადაც ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა. როგორც მან განმარტა, ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

„ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობის, ასევე ქვეყნის ექიმებისთვის. საჩხერის კლინიკაში გატარებული მაქვს ძალიან ბევრი დადებითი წელი და ჩავთვალე საჭიროდ, ჩემი ვაქცინაცია ჩატარებულიყო აქ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შეხვდება.

ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ახალციხეში აცრის შედეგად დაფიქსირდა სერიოზული გართულება, რომელიც ლეტალურად დასრულდა. 27 წლის ექთანი 19 მარტს AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

„ძალზე იშვიათი შემთხვევა“ – ჯანმო ქართველი მედდის გარდაცვალებას ეხმაურება

რატომ არ გაიკეთა ერთ-ერთმა პირველმა ვაქცინა და ხომ არ იყოს ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული ევროპის რიგ ქვეყნებში პრეპარატ AstraZeneca-ს გამოყენების შეჩერებასთან, ამაზე ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ მან თავისი ვაქცინა მედიკოსებს დაუთმო.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. დღეიდან კი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას – Pfizer-ს ელოდებიან.  საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება. ბოლო მონაცემებით, ჯამში  4414 პირია აცრილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან.