სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა მხარეს ქვეყანა დააყენონ პირველ ადგილზე და იმუშაონ დეპოლარიზაციაზე, კომპრომისზე და ერთიანობაზე
Sputnik

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დაბრუნების გადაწყვეტილებას, დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ში.

დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი საქართველოში მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციას შორის დიალოგში შუამავლობის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

ევროპული საბჭოს წარმომადგენელი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად საქართველოში დაბრუნდება

„მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს სარწმუნო ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. შარლ მიშელმა მას მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციას შორის შუამავლობა დაავალა.

დანიელსონი 12-14 მარტს მართავდა სამმხრივ შეხვედრებს, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ხელისუფლება კი არ თანხმდება.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. გამგზავრების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები იქნებიან მზად კომპრომისისთვის, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.