შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

კახა საბანაძის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები გახდა
Sputnik

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ მან საკუთარ Facebook–გვერდზე დაწერა.

„მსურს გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი. ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით“, – დაწერა საბანაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში მუშაობდა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა მათ. 

ფარული აუდიოჩანაწერების საქმე: პროკურატურა „TV პირველში“ შესვლას აპირებს

საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა. მისი მხრიდან პოსტის დატოვების საბაბი გახდა ორი ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ის მონაწილეობს. ასევე ფარული ვიდეოჩანაწერის კადრი, რომელიც უშუალოდ მის კაბინეტშია გადაღებული.

საბანაძის თვალთვალს უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კადრად ითვლება. ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტი ეხებოდა 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, როდესაც თბილისში ოპოზიციის აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლა მოხდა. ტელეკომპანიის მტკიცებით, იმ ღამეს სპეცდანიშნულების რაზმს ბრძანებებს არა რაციის, არამედ მობილური ტელეფონის საშუალებით აძლევდნენ. სიუჟეტის მიხედვით, საბანაძე იმ ღამეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აქციაზე დიდი მონიტორის და ხმოვანი დანადგარების დაზიანების ბრძანებას აძლევდა.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენები საქართველოს პარლამენტში დაიწყო, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია იმართებოდა. რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რაც ოპოზიციის პროტესტის საფუძველი გახდა. როდესაც ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა, ხელისუფლებამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.