თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ახალციხეში „იმედის“ კლინიკა სტანდარტებით არსებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდა და პაციენტის დამძიმების დროს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მოქმედება განხორციელდა, განაცხადა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ. ამის შესახებ „პირველი არხი“ იუწყება.
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შედეგად გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა. გარდაცვლილის დის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს არ ჰქონდა ისეთი ანალიზები, რომ მისთვის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი ყოფილიყო. ოჯახი მედდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში AstraZeneca-ს ჩართვას სთხოვს. ადვოკატებმა ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს.
„ზოგადად, კლინიკა შეესაბამებოდა სტანდარტებით არსებულ მოთხოვნებს, იყო ტექნიკური აღჭურვილობა, პერსონალით უზრუნველყოფილი, პაციენტის დამძიმების შემთხვევაში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მოქმედება იყო განხორციელებული. ჩვენ ვსწავლობთ დოკუმენტებით, კლინიკაში არსებული ჩანაწერებით და ექიმების ახსნა-განმარტებებით განვაზოგადებთ ინფორმაციას. კითხვარი რომ ივსება, პაციენტსაც შეუძლია, დააფიქსიროს, თუ რამე მედიკამენტი მიიღო მანამდე. არსად ასეთი რამ არ ფიქსირდება, არ განუცხადებია, ასეთი ჩანაწერი არ არის“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სააგენტო მოკვლევას ორი მიმართულებით ახორციელებს. კერძოდ, რამდენად ჰქონდა კლინიკას ვაქცინაციის ჩასატარებლად შესაბამისი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა, ასევე რამდენად დროული იყო მისთვის გაწეული დახმარება. კაპანაძის განმარტებით, უკვე გამოიკითხა მედპერსონალი.
„პარალელურად მიმდინარეობს ექსპერტიზის მომზადება, ასევე პოლიცია აწარმოებს გამოძიებას და ჩვენ მათთან კოორდინაციაში ვართ“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
მისი თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ და მასზე დაყრდნობით სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო თავის დასკვნას გამოაქვეყნებს.
მეგი ბაქრაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.