თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის შემდეგ პირველად გაანდო ჟურნალისტებს თავისი გეგმების შესახებ.
„არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“, – განაცხადა გახარიამ კითხვაზე პასუხად, დატოვა თუ არა მან პოლიტიკა სამუდამოდ.
გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ის მას შემდეგ გადადგა, რაც თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა.
„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ... რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ“, – განაცხადა გახარიამ.
ყოფილმა პრემიემა ასევე აღნიშნა, რომ ყველა კითხვას მალე გასცემს პასუხს.