ადამიანური ისტორიები: „ჩემი ქალაქის ზღვა, ცა და აპრილის სურნელი მენატრება“

ამბობენ, ბედი ხასიათიაო, მაგრამ როცა ბედისწერის ჩარევით ერთხელაც ყველაფერი იცვლება, მერე თავად გიწევს ხასიათის გამოჩენა, რათა ცხოვრებისეულ პერიპეტიებს გაუძლო...
Sputnik

ყოველი ადამიანი სხვებისგან განსხვავებული, ცალკე ისტორიაა, რომელიც არასოდეს მეორდება და მარტო ამითაცაა საინტერესო. ამ ისტორიებიდან კარგად ჩანს ადამიანის ბუნება და ყოველ ჯერზე რწმუნდები, რომ, სურვილისა და მცდელობის შემთხვევაში, შეუძლებელია არაფერია. ამაში ელისო ხარჩილავას ისტორიაც დაგარწმუნებთ...

ადამიანური ისტორიები: „ჩემი ქალაქის ზღვა, ცა და აპრილის სურნელი მენატრება“

ქალბატონი ელისო დღეს ლანდშაფტის დიზაინერია და ლანდშაფტის დიზაინის, აივნის გამწვანების მოკლევადიანი კურსები მიჰყავს, ატარებს ტრენინგებს და კურსებს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრში, ასევე უნივერსალურ სასწავლო აკადემია „უნიკოში“. აქტიურად თანამშრომლობს დეველოპერებთან, სამშენებლო კომპანიებთან, მუშაობს დენდროლოგიურ პროექტებზე. მას ეკუთვნის კერძო პროექტები საგურამოში, წავკისში, წყნეთში, ნატახტარში, ყაზბეგში და ა.შ. ოცნებობს, რომ დააარსოს საკუთარი ლანდშაფტის სკოლა Green art georgia.

თუმცა, როგორ მოვიდა აქამდე და რისი გადატანა მოუწია, ამის შესახებ უშუალოდ მისგან ამ მასალით შეიტყობთ.

ადამიანური ისტორიები: „ჩემი ქალაქის ზღვა, ცა და აპრილის სურნელი მენატრება“

- აფხაზეთიდან ვარ, სოხუმში დავიბადე. ბავშვობა უზრუნველყოფილი, სიყვარულით სავსე მქონდა. მყავს ერთი ძმა.  სკოლის დამთავრება ეროვნული მოძრაობის დაწყებას დაემთხვა. ბაბუშერას თოდუას სახელობის ჩვენი სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც მოსწავლეებმა სკოლის ეზოში არსებული ლენინის ძეგლი ჩამოვაგდეთ და კომკავშირის ნიშანი ჩამოვიხსენით. ამას მოჰყვა რაიონიდან საყვედურები. სკოლის პედკოლექტივი ძალიან კარგი ახალგაზრდა პედაგოგებით იყო დაკომპლექტებული. შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი აზროვნება და ღირებულებები პედაგოგებთან ერთად ჩამოგვიყალიბდა.

ადამიანური ისტორიები: „ჩემი ქალაქის ზღვა, ცა და აპრილის სურნელი მენატრება“

ძალიან თამამი, ლიდერის თვისებებით გამორჩეული გოგო ვიყავი, კედლის გაზეთს ვრედაქტორობდი. ამის გარდა სკოლაში გავაკეთეთ ცალკე გაზეთი „სარკე", სადაც კლასელები ჩვენს ნააზრევს ვაქვეყნებდით... სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, აგრობიზნესის ფაკულტეტზე, გამწვანების ინჟინრის სპეციალობაზე. იქ სწავლა მართლა უნიკალური იყო, რადგან ეს ინსტიტუტი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა საბჭოთა კავშირში. სამწუხაროდ, მხოლოდ ორი კურსის დამთავრება მოვასწარი, რადგან ომი დაიწყო.

ადამიანური ისტორიები: „ჩემი ქალაქის ზღვა, ცა და აპრილის სურნელი მენატრება“

მერე იყო სოხუმის დაცემა და ყველას ცხოვრება უცებ ამოყირავდა. სოხუმის დაცემის ბოლო დღემდე ბაბუშერაში ვიყავით. მოგვიწია სვანეთის, ჭუბერის გზას დავდგომოდით, გამოვიარეთ უღელტეხილები. 16 დღე და ღამე ფეხით მოვდიოდით. ყინვა, ქარი, თოვლი და შიმშილი - ეს იყო ნამდვილი გოლგოთის გზა, რომელიც გვეგონა, რომ არასოდეს დამთავრდებოდა... განადგურებულებმა და დამცირებულებმა, როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ ზუგდიდამდე. ტანსაცმელი რაც მოგვქონდა, დავკარგეთ, ფული და ოქრო კი, სამშვიდობოს გამოსულებს, ვაი-ქართველებმა წაგვართვეს. დავრჩით ღვთის ანაბარა, ისიც კი არ ვიცოდით ვისთან და სად წავსულიყავით...

ბიცოლა მყავდა სენაკელი, მაგრამ სენაკში „მხედრიონი“ და ძმათამკვლელი ომი იყო. იქაც არ იყო მოსვენება და მამაჩემს შეეშინდა. ადგილობრივებმა, ვისაც გოგოები ჰყავდა, გახიზნეს. ჩვენ კი მშივრები და გაწამებულები თბილისისკენ წამოვედით. მამა აფხაზეთში თანამდებობის პირი იყო და თბილისში ჰყავდა მეგობრები, ვინც შეგვიფარა. სამინისტროდან მოგვცეს ბინა წყნეთის დასახლებაში, სადაც დევნილობის მძიმე წლები გადავიტანეთ. მე მყავდა ნათლულის ოჯახი, რომლის მადლობელი სიცოცხლის ბოლომდე ვიქნებით. მათ პირველადი საოჯახო ნივთები - თეფში, კოვზი, ქვაბი, რაც საჭირო იყო, ყველაფერი მოგვცეს. დავიწყეთ ახალი ცხოვრება ნულიდან. წყნეთში ყველანი აფხაზეთიდან ვიყავით და ერთმანეთს ვეხმარებოდით გადარჩენაში.

მამამ მეგობრების დახმარებით მალევე დაიწყო მუშაობა. წყნეთიდან არ იყო ტრანსპორტი, ამიტომ წყნეთიდან „დელისის“ მეტრომდე ფეხით ბევრჯერ ჩამოვსულვარ. ჩემი ინსტიტუტი ქუთაისში გადაიტანეს. მე სხვა საბუთებთან ერთად სტუდბილეთიც დამრჩა. მადლიერი ვარ მამაჩემის, რომელმაც ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ სწავლა დამემთავრებინა. ზოგჯერ ქირით, ზოგჯერ ნათესავთან, ზოგჯერ მეგობართან ვცხოვრობდი. გულმოდგინედ ვსწავლობდი, ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და თბილისში დავბრუნდი. ვფიქრობდი, გავამწვანებ-მეთქი ქალაქს, მაგრამ მაშინ გამწვანებისთვის ვის ეცალა. დავიწყე ახალი პროფესიების ათვისება, საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენა-განვითარება. ამასობაში ბევრი ახლო ნათესავი და მეგობარი დავკარგეთ. გავიგეთ ისიც, რომ ბაბუაჩემი, რომელმაც არ დატოვა თავისი სახლ-კარი, აფხაზებს მოუკლავთ...

ჩემი პირადი ცხოვრებაც ვერ შედგა, დავშორდი მეუღლეს და ბავშვით ხელში მარტო დავრჩი. ამ პერიოდში მამაც მძიმედ დაავადდა, დედამ ამდენ განსაცდელს ვერ გაუძლო და დეპრესიული გახდა. ძმა მეორე ჯგუფის ინვალიდია, სოხუმში ავარიაში მოყვა და სათანადო მკურნალობას ომის გამო ვერ ეღირსა. წარმოიდგინეთ, მე პატარა ბავშვით ხელში, უუნარო ძმა, მძიმედ დაავადებული მამა, დეპრესიული დედა და ყველანი ერთად 30 კვადრატულ მეტრ ოთახში... ზოგჯერ ვფიქრობ, ნუთუ მართლა მე გადავიტანე ეს ყველაფერი? დავიწყე მუშაობა საეკლესიო მაღაზიაში, სადაც დღიურ ხელფასს 3-4 ლარს მიხდიდნენ. ყველაფერი შედარებით კარგად იყო, მაგრამ მერე მამა დაიღუპა, დედა კი უფრო დამძიმდა.

შემდეგ იყო სასტუმროში მუშაობა, ხელფასი 450 ლარი და ძალიან კარგი გრაფიკი – დილის 10-დან საღამოს 5-მდე. მაშინ ამოვისუნთქე, ძალიან შემიწყვეს ხელი და სწავლა დავიწყე საბანკო საქმეზე. როცა ბანკში დავიწყე მუშაობა, სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე საპატრიარქოსთან არსებული კოლეჯი, სადაც ბაღის დიზაინი ისწავლებოდა. იქ ორი წელი ვსწავლობდი. მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც მე ბედნიერებას მანიჭებდა. იქ გავიცანი ძალიან კარგი პედაგოგები – ამ სფეროს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები.

რა თქმა უნდა, ეს იყო კარი, რომელიც მე უნდა გამეღო. მალევე დავიწყე პროექტებზე მუშაობა. მიზნად დავისახე, რომ გავხსნა ლანდშაფტის დიზაინის სკოლა. ამისთვის კი ისევ და ისევ სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა იყო საჭირო. თსუ-ში გავიარე ტრენინგ-კურსი და დღეს სერტიფიცირებული ტრენერი და ტრენინგ-კურსების ავტორი ვარ. ახალგაზრდა კრეატიულ არქიტექტორებთან ვთანამშრომლობ. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ვმუშაობდი, იუსტიციის სამინისტროში კეთდებოდა, მაგრამ პანდემიის გამო დროებით შეჩერდა.

ადამიანური ისტორიები: „ჩემი ქალაქის ზღვა, ცა და აპრილის სურნელი მენატრება“

ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, პირველ რიგში კი ის, რომ სულ უნდა იმოქმედო, არ უნდა გაჩერდე და იფიქრო მასშტაბურად, მაშინ, დარწმუნებული ვარ, ოცნებები ასრულდება. დღეს ყველაფერს ვაკეთებ ჩემი შვილისთვის, მას რომ არ მოუწიოს ცხოვრების ნულიდან დაწყება, ამისთვის საფუძველს ვუმზადებ. იგი აბიტურიენტია და უნდა, რომ არქიტექტურულზე ჩააბაროს. მერე კი ერთობლივი ძალებით გავაგრძელებთ ცხოვრებას და ოცნებებსაც ავისრულებთ. სადღაც გულის კუნჭულში სოხუმზეც ვოცნებობ, მიყვარს და მენატრება ჩემი ქალაქი, ზღვა, ცა და აპრილის განსაკუთრებული სურნელი...