ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა

ქართველი ჩოგბურთელის მცირედ დაქვეითების მიზეზი გასულ კვირაში დუბაის ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლა გახდა.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР-ს განახლებულ რეიტინგში ორი პოზიციით ჩამოქვეითდა და 36-ე ადგილიდან 38-ზე გადაინაცვლა (1.645 ქულა).

ბასილაშვილის უმნიშვნელო რეგრესის მიზეზი გასულ კვირაში დუბაის ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლა გახდა, სადაც მან პირველივე წრეში წააგო ამერიკელ ტეილორ ფრიცთან (6:4, 3:6, 6:7).

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

მარტის შუა რიცხვებში ქართველმა სპორტსმენმა დოჰას ტურნირი (АТР-250) მოიგო, რამაც მას მსოფლიოს 40 უძლიერესი ჩოგბურთელის ჩამონათვალში დაბრუნების საშუალება მისცა (42-ე პოზიციიდან 36-ზე).

შემდეგი ტურნირი, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, „მასტერსია“ მაიამიში (24 მარტი – 4 აპრილი). ტურნირის საპრიზო ფონდია 4,3 მლნ დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია როჯერ ფედერერი.

АТР-ს განახლებული რეიტინგის ლიდერი კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია (12.008). მეორე ადგილზეა რუსი დანიილ მედვედევი (9.940), ხოლო მესამეზე – ესპანელი რაფაელ ნადალი (9.670).