გურჯაანის სასამართლომ ქალს მოზარდების დაჩოქებისათვის გირაო შეუფარდა

ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხში მცხოვრებ ქალს, რომელმაც თავისი შვილიშვილის თანაკლასელები მუხლებზე დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა, აღკვეთის ღინისძიებად 4 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 

პროცესზე ბრალდებული ადვოკატის გარეშე იყოს წარმოდგენილი.

თავდაპირველად სხდომა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

საქმე ეხება 2020 წლის ნოემბერში მომხდარ მოვლენებს.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „შეფასების ნიშნები არაჯანსაღი მოტივაციაა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.

აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ.კ-ს ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე თავისი შვილიშვილის კლასელები ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა.

აღნიშნული ფაქტის ვიდეოგადაღებას ახდენდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი.

პროკურატურამ ვ.კ.-ს ბრალდება სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.