„რეალურად არ იდო არაფერი“: ზურაბ ჯაფარიძე „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზებზე

ზურაბ ჯაფარიძემ პუნქტობრივად ჩამოთვალა ის საკითხები, რომლებიც არ განხილულა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თავის Facebook-გვერდზე ჩამოთვალა ის მიზეზები, რის გამოც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ და ურთიერთბრალდებებით დასრულდა

მოლაპარაკებები მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გუშინ 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. ევროპელმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა, რომელიც შეხვედრაზე მედიატორი იყო, განაცხადა, რომ საქართველოში კრიზისის გადაწყვეტის ძიებაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ისაუბრა, თუ რა ხდებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან და ჩამოწერა პუნქტები, რომლებიც შეხვედრაზე არ განხილულა.

  1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. 
  2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი
  3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა
  4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა.
  • „რეალურად არ იდო არაფერი. ჰაერი“, – დაწერა ჯაფარიძემ.

უფრო მეტიც, პოლიტიკოსის თქმით, ყოველ მომდევნო ჯერზე მოლაპარაკებების მაგიდაზე ჩნდებოდა მხარეთა პოტენციური შეთანხმების გაუარესებული ვერსია.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია

„ბოლოს გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ „ოცნების“ მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური. ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმესაათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება“, – დაწერა ჯაფარიძემ.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.