ვაქცინაცია მხოლოდ რეანიმაციული განყოფილების მქონე დაწესებულებებში გაგრძელდება

ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულია 5 ათასზე ადამიანი, აქედან დიდი ნაწილი უკვე აიცრა.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის ექსპერტების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვაქცინაცია გაგრძელდება, თუმცა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გაბუნია: ვაქცინაციის დროს ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 19 მარტს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შედეგად 27 წლის მედდა გარდაიცვალა. გაბუნიამ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მოხდა სამწუხარო ფაქტი, თუმცა, ვაქცინაციის რისკები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოსალოდნელი სარგებელი.

„იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია მოსალოდნელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხოა ვაქცინაციის გაგრძელება მრავალპროფილურ კლინიკებში", – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად უკვე დარეგისტრირებულ ექიმებს ჯავშანი შეეცვლებათ და ისინი ვაქცინაციისთვის მრავალპროფილურ კლინიკებში გადანაწილდებიან. დღეისათვის საქართველოში 42 კლინიკაა, სადაც რეანიმაციული განყოფილებაა.

ამასთან, ჯანდაცვის უწყებაში დაადასტურეს, რომ აჭარის ოთხ რაიონში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. იგი მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება. გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესი პერიფერიულ კლინიკებში აღარ გაგრძელდება. 

საქართველოში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო

როგორც გაბუნიამ განმარტა, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებისას ანაფილაქსიური შოკის მსგავსი გართულება განვითარდა მედპერსონალის კიდევ ერთი წარმომადგენლის შემთხვევაში, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა დროულად მოხერხდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდაცვლილი მედდის შემთხვევაში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა, თუმცა მისი შველა ვერ მოხერხდა.

გუშინ ახალციხის კლინიკა „იმედში“ ჩატარებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის ექთანს აცრიდან 30 წუთში, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში მოათავსეს, მოგვიანებით კი პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მედიკოსის გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა.