სასამართლოს პირველმა ინსტანციამ შაქარაშვილის საქმეზე ბოლო განაჩენი გამოიტანა

ხუთი ბრალდებულიდან ერთს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ დაკავებულებს კი ხუთ–ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდა.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდში ხუთი სრულწლოვანი პირი დამნაშავედ ცნო. 

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს 10–10 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ვასილ მახარაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თენგიზ ბარბაქაძეს, ირაკლი მუმლაძეს, ნიკა ჟვანიასა და გიგა ტატიაშვილს კი 5–5 წლით პატიმრობა.

ბრალდებაში საუბარია მცხეთა–თბილისის ტრასასა და მცხეთაში აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდებზე.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გასული წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, იგი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მეგობრებთან ერთად წვეულებიდან წავიდა.

პროკურატურამ დაადგინა, რომ შაქარაშვილი წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.

ეს იყო სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი ბოლო გადაწყვეტილება.

მანამდე სასამართლომ ასევე განაჩენი გამოიტანა უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ და ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. 17-დან არც ერთი ბრალდებული არ გამართლებულა.