ფაშინიანი პრემიერის პოსტს ვადამდელ არჩევნებამდე შეინარჩუნებს

სომხეთის ეროვნული სათათბიროს ვიცე-სპიკერის განცხადებით, არჩევნებამდე ფაშინიანი მოვალეობების დროებით შემსრულებელი იქნება.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ნიკოლ ფაშინიანი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

სომხეთის მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

ფაშინიანმა სომხეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მზადყოფნა გამოთქვა

„ფაშინიანი მოვალეობის დროებით შემსრულებელი იქნება... სხვა სცენარი არ განხილულა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალენ სიმონიანმა.

პრემიერმა განცხადება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილი ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან – გაგიკ ცარუკიანთან და ედმონ მარუკიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კონსტიტუციის თანახმად, რიგგარეშე არჩევნები პარლამენტის დათხოვნიდან სულ მცირე 30 დღის და მაქსიმუმ 45 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს. პარლამენტი შეიძლება დაითხოვონ მას შემდეგ, რაც დეპუტატები, მთავრობის მეთაურის გადადგომის მერე, ორჯერ ვერ შეძლებენ ახალი პრემიერის არჩევას. ასეთ შემთხვევაში მოქმედი პრემიერი გააგრძელებს თავისი მოვალეობების შესრულებას ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე.