თბილისი, 19 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
პოლიციამ 58 წლის წულაია, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, დაზარალებულის ჩვენებების საფუძველზე ოთხშაბათს დააკავა. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში თავის ნაცნობ 42 წლის ქალზე იძალადა.
გავრცელებული ინფორმაციით გოგი წულაიას ადვოკატი 5.000 ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა გუშინ წულაიას ბრალი დაუმძიმდა და მას ბრალდება სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც „ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“ გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.