გაბუნია: ვაქცინაციის დროს ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა

გაბუნიას განმარტებით, ბრიტანეთის მონაცემებით, AstraZeneca-ს ვაქცინამ 5 მილიონი აცრილიდან 41 ადამიანში გამოიწვია ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების დროს კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა, თუმცა მალევე მოხდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

კულუმბეგოვი: ანაფილაქსიური რეაქცია მარტივ წამლებზეც ვითარდება, ამისგან არავინაა დაზღვეული>>

გუშინ ახალციხის კლინიკა „იმედში“ ჩატარებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის ექთანს აცრიდან 30 წუთში, სავარაუდოდ, ანაფილაქსური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში მოათავსეს, მოგვიანებით კი პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი დღეს გარდაიცვალა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„იყო რთული რეაქცია – დაფიქსირდა კიდევ ერთი შემთხვევა, თუმცა მალევე მოხდა მდგომარეობის დასტაბილურება. დაახლოებით მსგავს ანაფილაქსიასთან გვქონდა საქმე. მედიცინაში არის ანაფილაქსიის შოკი და ასევე ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობები, რომელიც შოკის სახით შეიძლება არ გამოვლინდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მანამდე იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, საქართველოში აქამდე ანაფილაქსიის რამდენიმე ათეული რეაქციაა დაფიქსირებული „ლიდოკაინზე“, „ნოვოკაინზე“, ასევე სხვადასხვა მსუბუქ მედიკამენტსა და ანტიბიოტიკებზე. მისივე განცხადებით, მთავარია, მოხდეს პაციენტის მართვა და შესაძლო რეაქციის შემთხვევაში აღმოეჩინოს სწორი დახმარება.

ევროკავშირის კომიტეტმა AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოება დაადასტურა>>

საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას იკეთებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე დაახლოებით 3,6 ათასი ადამიანი აიცრა.