საქართველოში ამინდის პროგნოზები კიდევ უფრო ზუსტი გახდება

საქართველოში უკვე დამონტაჟებულია ორი თანამედროვე რადარი - იმერეთის და კახეთის რეგიონებში, ზუსტი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მისაღებად, განაცხადა მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. მიმდინარე წელს უფრო სრული მეტეოროლოგიური ინფორმაციის მისაღებად თბილისში თანამედროვე მეტეორადარის დამონტაჟება იგეგმება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს.

დავითაშვილის ინფორმაციით, 2021 წელს თბილისთან შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიების მეტეოროლოგიური მონაცემების დამუშავებისთვის თანამედროვე რადარის განთავსება იგეგმება.

როდის დათბება საქართველოში: სინოპტიკოსების პროგნოზი

„ჩვენ გვექნება სრულყოფილი, ხარისხიანი მეტეოროლოგიური ინფორმაცია როგორც პრევენციული ღონისძიებებისთვის, ისე ინფრასტრუქტურისთვის, სოფლის მეურნეობისთვის და სხვა მიმართულებებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვექნება ამინდის პროგნოზის ძალიან ზუსტი სისტემა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოში უკვე არსებობს ორი თანამედროვე რადარი – იმერეთის და კახეთის რეგიონებში.

„2020 წელს ქუთაისში თანამედროვე რადარი დამონტაჟდა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემები, ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა იმისთვის, რომ ზუსტი მეტეოროლოგიური ინფორმაცია გვქონდეს, რომელიც მთლიანად დასავლეთ საქართველოს ფარავს“, – აღნიშნა მინისტრმა.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სამივე მეტეორადარიდან მიღებული ინფორმაცია პრაქტიკულად მთელ საქართველოს დაფარავს.