ქობულეთში საკრებულოს წევრი ქრთამზე დააკავეს

ქობულეთის საკრებულოს წევრი მოქალაქეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობის გაცემას დაჰპირდა
Sputnik

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს, ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორუფციასთან ბრძოლის საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას მთავრობა განახორციელებს

საკრებულოს წევრთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი - ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ქობულეთში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე გასცემდა საკუთრების მოწმობას და რეგისტრაციაში გაატარებდა. სანაცვლოდ კი ქრთამის სახით 10 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

ნათესავის მეშვეობით, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა, წინასწარ მიიღო 2 ათასი აშშ დოლარი, რის შემდეგ ის დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიებას სუსის ანტიკორუფციული სააგენტო ატარებს.