თბილისი, 18 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრიდან რვა ბრალდებულს ერთი წლის შემდეგ განაჩენი გამოუტანა და დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, „ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვასა და მხარდაჭერაში, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის დასაწყისში, 9 ბრალდებულიდან ოთხმა „კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, მოქალაქეს მოუწყვეს „ქურდული გარჩევა“ და გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.
თავის მხრივ, მოქალაქემ შუამავლის მეშვეობით სხვა „კანონიერ ქურდს“ მიმართა. ამ უკანასკნელმა კი ის გაათავისუფლა დაკისრებული თანხის გადახდისგან და გადაწყვეტილების შესახებ თავისი შუამავლის მეშვეობით გარჩევის მომწყობებს აცნობა.
ამასთან არც ერთი „კანონიერი ქურდი“ საქართველოში არ იმყოფებოდა.
სასამართლომ ორივე „კანონიერ ქურდს“ დაუსწრებლად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულ ოთხ პირს კი 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მოქალაქე, რომელმაც მიმართა ქურდულ სამყაროს დახმარებისთვის, 4 წელი მიიღო, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მის შუამავალსაც. ხოლო კანონიერი ქურდის შუამავალი სასამართლომ გაამართლა.
ახლა პროკურატურა სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრებას აპირებს, რომელიც მოქალაქეს და „კანონიერი ქურდის“ შუამავალს ეხება.