გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა: რას ედავება გამოძიება პოლიტიკოსს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიტიკოსს სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. პოლიტიკოს გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა, ამის შესახებ პოლიტიკოსის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

„ყველაფერი დალურჯებული მაქვს“: გოგი წულაიას ძალადობის მსხვერპლი დეტალებს ასაჯაროებს>>

58 წლის გოგი წულაია, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქუთაისში, პოლიციამ გუშინ დააკავა. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში მის ნაცნობ 42 წლის ქალზე იძალადა.

თავად გოგი წულაია ძალადობის ფაქტს უარყოფს.

ძალადობის ფაქტი თბილისში – დაკავებულია პოლიტიკოსი გოგი წულაია

წულაიას ბრალი დღეს ოფიციალურად საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

გოგი წულაია პარტია „თავისუფალი საქართველოს" წევრი იყო. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის 1993–1995 წლებში იყო მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი) და 2004–2008 წლებში – საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.