გამყრელიძე: ახალციხეში ექთანს ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა

ახალციხეში ექთანი ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ქალი გრიპის საწინააღმდეგო აცრას სისტემატურად იკეთებდა და ალერგიული რეაქცია არასდროს ჰქონია.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ახალციხეში AstraZeneca-თი აცრის შემდეგ კომაში მყოფი ექთანი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება და ის სამკურნალოდ თბილისში გადმოჰყავთ – ახალციხეში მომხდარ ფაქტზე განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

დღეს კლინიკა „იმედში“ ჩატარებული ვაქცინაციის შემდეგ ერთ-ერთი ექთანი აცრიდან 30 წუთში კომაში ჩავარდა და ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში გადაიყვანეს. მომხდარს ადგილზე დაპირისპირებაც მოჰყვა, კომაში მყოფი ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამსხვრიეს.

„წინასწარი ინფორმაციით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. აცრის შემდეგ მან ერთ-ერთ არხს მისცა ინტერვიუ და მოუწოდა კოლეგებს ვაქცინირებისკენ. 30 წუთში მასთან განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინას უახლოეს დღეებში მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა და პროცესში ჩართული არიან იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის წევრები. ასევე აუცილებელია, რომ კაბინეტში, სადაც აცრა მიმდინარეობს, იყოს ანტიშოკური კარადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა დაიწყო პაციენტის თბილისში ტრანსპორტირების პროცესი, სადაც მისი შემდგომი მკურნალობა და მდგომარეობის მართვა გაგრძელდება.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ არც ერთი წამალი გვერდითი მოვლენებისგან დაზღვეული არ არის.

„ზოგადად, ვაქცინებზე არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც სწრაფად ვითარდება, ეს არის ანაფილაქსიური შოკი – 15-30 წუთში, რომელიც შესაძლოა წავიდეს მსუბუქად ან დამთავრდეს ფატალურადაც“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოქმედებები. ამ ტიპის გამოვლინებები დაახლოებით 10-50% შემთხვევაში ხდება, მაგრამ რაც შეეხება ანაფილაქსიურ გამოვლინებას, ეს შედარებით იშვიათია. მისივე თქმით, 27 წლის ექთანი სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და აქამდე ალერგიული რეაქციები არ ჰქონია.

ანაფილაქსიური შოკი – დაუყოვნებლივი ტიპის ალერგიული რეაქციაა, ორგანიზმის მკვეთრად მომატებული მგრძნობელობის მდგომარეობა, რომელიც ალერგენის განმეორებითი შეყვანის დროს ვითარდება. წამლებზე ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულებაა, რომელიც შემთხვევების 10-20%-ში ლეტალურად სრულდება.