„ყველაფერი დალურჯებული მაქვს“: გოგი წულაიას ძალადობის მსხვერპლი დეტალებს ასაჯაროებს

გოგი წულაია უკვე დაკავებულია და დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ცნობილი პოლიტიკოსი გოგი წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, როდესაც თავის ნაცნობ ქალზე ძალადობდა. ასე აცხადებს თავად დაზარალებული.

როგორც ძალადობის მსხვერპლი ტელეარხ „რუსთავი2“-თან აცხადებს, ის და გოგი ძველი მეგობრები არიან და მას არ გაკვირვებია, როდესაც ორი დღის წინ პოლიტიკოსმა თბილისში გაყოლა სთხოვა, სადაც, მისი ინფორმაციით, მის შემდგომ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა შემდგარიყო. ისინი ქუთაისიდან თბილისში სამშაბათს, დილით ჩავიდნენ.

ძალადობის ფაქტი თბილისში – დაკავებულია პოლიტიკოსი გოგი წულაია >>

„წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლი კაცია. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მე თავს ვუშველე, აბსოლუტურად დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი. სადაც მოახერხა მოწვდომა“, – ამბობს დაზარალებული.

მან ივარაუდა, რომ წულაია ქალებს ამგვარად პირველად არ ექცევა.

გოგი წულაია „თავისუფალი საქართველოს“ რიგებს ტოვებს

„ვფიქრობ ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა. არავინ გამიბედოს, დაინდეო, არ ვაპატიებ ასეთ მოძალადე მამაკაცს", – ამბობს ის.

58 წლის გოგი წულაია, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქუთაისში, პოლიციამ გუშინ დააკავა.

გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში მის ნაცნობ 42 წლის ქალზე ფიზიკურად იძალადა.

თავად წულაია ძალადობის ფაქტს უარყოფს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

გოგი წულაია პარტია „თავისუფალი საქართველოს" წევრი იყო. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის 1993–1995 წლებში იყო მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი) და 2004–2008 წლებში – საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.