„ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია

მმართველ პარტიაში და ოპოზიციაში მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე არ დაობენ - მხარეებმა რამდენიმე საკითხზე პოზიციები შეაჯერეს და დიალოგის გაგრძელებაზე არიან ორიენტირებული
Sputnik

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. მოლაპარაკებების პროცესი წინ მიიწევს, მთავარია, ოპოზიციამ არ ჩაშალოს დიალოგი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებს ხვალ გააგრძელებენ

ოთხშაბათს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი შედგა, რათა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს. შეხვედრის მედიატორი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონია.

„იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მათ შორის რაღაცებზე პოზიციები უკვე იყო შეჯერებული, თუმცა გრძელდება სხვა საკითხების განხილვა და იმედი გვაქვს, რომ ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ოპოზიციას თავისი მდგომარეობა დღითიდღე უმძიმდება სხვადასხვა მიზეზების გამო“.

„მთავარია, რომ ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას მოეთხოვება ერთადერთი რამ - პარლამენტში შესვლა, დანარჩენი მოთხოვნები მმართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს.

ღარიბაშვილი: ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს

დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია და მთელი ეს პერიოდი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს – შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას განიხილავს. გეგმა ხუთი ძირითადი პუნქტისგან შედგება: ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეჩერება, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.