მორიგი საპროტესტო აქცია – მელიას გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს

ნიკა მელია გისოსებს მიღმა მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც უარი თქვა გირაოს მეორედ გადახდაზე. მას ბრალად 2019 წლის ზაფხულში საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედება.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საავტომობილო სვლა მოაწყო.

სროლა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე: შსს-მ გამოძიება დაიწყო>>

როგორც „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი იუწყება ადგილიდან, ავტოკოლონამ რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის №12 ციხემდე გაიარა, სადაც ამჟამად მელიაა მოთავსებული წინასწარ პატიმრობაში.

აქციის მონაწილეების ორი ძირითადი მოთხოვნა პოლიტპატიმრების – მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. 

ნიკა მელიას მხარდასაჭერად: თბილისის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო მსვლელობა იმართება

ციხისკენ მიმავალ გზაზე აქტივისტები პარლამენტისა და შსს-ს შენობებთან შეჩერდნენ და თავიანთი მოთხოვნები იქაც გამოაცხადეს.

ამჟამად აქტივისტები რუსთავში საპატიმროსთან იმყოფებიან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილებმა მელიას სოლიდარობა გამოუცხადეს და რწმენა გამოთქვეს, რომ ის მალე დატოვებს ციხეს.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.