„დრო ამოიწურა" – ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ

შესაძლებელია მხარეებმა კონსენსუსს დღეს მიაღწიონ, რაც ქვეყანას ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოთხშაბათს მორიგ შეხვედრას მართავს.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 16:00 საათზე დაიწყო.

დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია და მთელი ეს პერიოდი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს – შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას განიხილავს. გეგმა ხუთი ძირითადი პუნქტისგან შედგება: ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეჩერება, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. 

დანიელსონი: გადაუჭრელია ბევრი სერიოზული საკითხი

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა გუშინ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დანიელსონი უახლოეს დროში მხარეებს პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის კონკრეტული წინადადებებით მიმართავს.

ამასთან, ორივე მხარე აცხადებს, რომ განწყობილია საკითხების გადაჭრისთვის, მაგრამ მათი დამოკიდებულება ორ თემასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება. მმართველი პარტია დღემდე კატეგორიულად არ ეთანხმება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ, რომელმაც პარლამენტში 60 ადგილი მოიპოვა, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა და ქუჩაში მასობრივ საპროტესტო აქციებს მიმართა.

დანიელსონი საქართველოში დარჩება „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“>>>

კრიზისი განსაკუთრებით 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა. ამის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირი ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დონეზე.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.