ვანო მთვრალაშვილი: ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ საწვავზე ფასების ზრდის მიზეზები განმარტა, ერთ-ერთი – ვაქცინაციის პროცესის დაწყებაა.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნავთობზე ფასების ზრდა მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას უკავშირდება, განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.

გასული წლის დასაწყისში ნავთობზე არსებული მაღალი ფასები ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით შეიცვალა, რაც პირდაპირ კავშირში იყო COVID-19-ის პანდემიასთან. მაგრამ მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიხსნა საყოველთაო შეზღუდვები და დაიწყო საჰაერო, სახმელეთო, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და ეკონომიკის გახსნა, ამას ნავთობზე ფასების მატება მოჰყვა. 

„განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
გაძვირდება თუ არა საწვავი უფრო მეტად

მისი თქმით, ამას დაერთო ასევე OPEC+-ის მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით – მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით დღე-ღამეში.

შედეგად – ნავთობზე მოთხოვნა თანდათანობით ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

„აღნიშნულის დასტურია ამ დღეებში OPEC+-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი 2021 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნავარაუდევია, რომ მოთხოვნის ზრდა მიაღწევს 5,9 მლნ ბარელს დღე-ღამეში, ანუ იგი გაიზრდება 96,3 მილიონ ბარელამდე“, – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

მისი ინფორმაციით, დღეისათვის ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა. კერძოდ, გასული წლის იანვრის თვეში ლონდონის სანავთობო ბირჟაზე საშუალო ფასი შეადგენდა 64 დოლარს/ბარელზე, როდესაც დღეისათვის იგი 68,88 დოლარია/ბარელზე.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მატება პირდაპირ კავშირშია S&P Global Platts-ების მკვეთრ მატებასთან.

კერძოდ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის საავტომობილო საწვავზე ფასი გაზრდილია 195 დოლარით/ტონაზე (43%), ხოლო დიზელის საწვავზე ფასი გაიზარდა 117 დოლარით/ტონაზე (27,8%).

„აქ ასევე აღსანიშნავია ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა აშშ დოლართან მიმართებაში, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საცალო ქსელში საწვავის ფასების ფორმირება“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

გაბრაზებული ავტომობილისტები: საპროტესტო აქციები საწვავზე ფასის ზრდის წინააღმდეგ - ფოტო

კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ შეადგენდა 2,8876 ლარს. დღეისათვის ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ შეადგენს 3,3204 ლარს (ზრდა 15,3%-ია).

საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ.

დღეისათვის 1 ლიტრი საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შემდეგია:

რეგულარის ტიპის ბენზინი - 2,45-2,50 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2,68-2,71 ლარი, სუპერის ტიპის ბენზინი - 2,77-2,81 ლარი, ევრო დიზელის საწვავი - 2,63-2,73 ლარი, დიზელის საწვავი - 2,53-2,67 ლარი.
ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ

ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 1 ლიტრ საწვავზე 20-25 თეთრით უფრო იაფია, ვიდრე ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე, ანალოგიურად როგორც ეს იყო წინა პერიოდებში.

საქართველოში საწვავზე სულ უფრო მზარდი ფასების წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე კვირაა თბილისსა და მსხვილ ქალაქებში პერმანენტულ აქციებს მართავენ ავტომფლობელები, რომლებიც ხელისუფლებისგან საწვავის ფასწარმოქმნაში ჩარევას მოითხოვენ.

  • საქართველოში საწვავის ფასი ბაზარზე არსებული მოთხოვნა–მიწოდების შესაბამისად არ დგინდება. საწვავის ღირებულებას იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში განაპირობებს საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით. Platts არის ამერიკული მედიაჰოლდინგი McGraw-Hill-ის ქვეგანყოფილება (2016 წლის აპრილიდან ეწოდება S&P Global Platts). Platts-ი სპეციალიზდება ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, ნავთობქიმიისა და სამრეწველო ლითონების ფასების კოტირების დადგენასა და გამოქვეყნებაზე.