როდის აიცრება ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, თუ რატომ არ გაიკეთა ვაქცინა პირველმა საჯაროდ
Sputnik

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც გაიკეთებს.

გამყრელიძის განმარტებით, მას კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა. მისივე თქმით, წესის თანახმად, მას აცრა დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ უწევს.

„კოვიდი 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამიტომ როგორც წესია და მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს, უნდა ავიცრა 120 დღის შემდეგ. ანუ როგორც კი 29 დეკემბრიდან 120 დღე გადაითვლება, შემეძლება პირდაპირ ეთერში ავიცრა. დარწმუნებული იყავით, ამას ნამდვილად გავაკეთებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შესაბამისად, ამირან გამყრელიძეს აცრა მაისის პირველ რიცხვებში უწევს.
„ეს პოლიტიკური საკითხია“ - ამირან გამყრელიძე „სპუტნიკV“-ს შესაძლო შემოტანის შესახებ

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პირდაპირ ეთერში აიცრა. პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია ჩაიტარა ასევე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ-ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის იქნება ხელმისაწვდომი და იგი ნებაყოფლობითი იქნება. ვაქცინაციას მედპერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება.