ამბავი მშობლიურ ზეცას მონატრებული კაცისა, რომელიც თურქეთში ყველაზე ქართულ საქმეს აკეთებს

როცა ეკითხები – როგორ ხარ? ყოველთვის ერთნაირად, უცნაურად პასუხობს: ვაკიჟინებ! თუმცა ვინც მას პირადად იცნობს, ასეთ პასუხში უცნაური არაფერი მოეჩვენება, რადგან მთელი მისი ცხოვრება მართლაც გაუჩერებელი კიჟინი, ანუ ქართულად შეძახილია...
Sputnik

ორჰან ბერიძეს ჩვენში უკვე ბევრი იცნობს, ის თურქეთში მცხოვრები ქართველია, რომელმაც თავისი ისტორიული გვარი სასამართლოს ძალით დაიბრუნა. იმ ფონზე, როცა ქართველების ნაწილი უცხოეთში ქართულ გვარს უცხოეთის მოქალაქეობაზე ცვლის, საჭიროდ ვთვლით, ამ ფაქტზე საგანგებოდ დავწეროთ.

ამბავი მშობლიურ ზეცას მონატრებული კაცისა, რომელიც თურქეთში ყველაზე ქართულ საქმეს აკეთებს

2017 წლის 23 მაისი. ბატონი ორჰანი აცხადებს, რომ ეს მისი მეორედ დაბადების თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს იქცა ორჰან შარდაღი ორჰან ბერიძედ. 

„მე მეორედ დავიბადე – წინაპრები გავაცოცხლე“, – ამბობს ბატონი ორჰანი. თურქეთის ისტორიაში ალბათ ამ სასამართლო პროცესს იმ დღემდე პრეცედენტი არ გააჩნდა. ეს ფაქტი სხვა თურქეთელი ქართველებისთვისაც გახდა იმის სტიმული, რომ ისტორიული გვარი ოფიციალურად დაიბრუნონ. სასამართლოს დღეს ბატონი ორჰანი ასე იხსენებს:

„ძალიან ემოციური ვიყავი, თითქოს ისტორიას ვწერდით. ვფიქრობდი, გულის შეტევით მოვკვდებოდი, ჩემი ქალიშვილი ნათია–ქუბრა დარბაზში იყო და მას ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი. დარბაზში რა ხდებოდა – ემოციის გამო არ მახსოვს. მთელი ცხოვრება დავიმახსოვრე, რომ განაჩენი გამოტანილი იყო 11:40:51 საათზე“.
ამბავი მშობლიურ ზეცას მონატრებული კაცისა, რომელიც თურქეთში ყველაზე ქართულ საქმეს აკეთებს

ამის მერე ბატონი ორჰანის მიერ წამოწყებული ქართული საქმეების ნუსხა გაგრძელდება. იმ ნუსხაში სტამბულის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დაფუძნებაც ჩაიწერა. ცენტრში 31 ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანია“, და მათ ქალბატონი სალომე ბერიძე დღემდე ყველგან ეძებს. სულ ბოლოს ამ კოლექციას რუმინულ ენაზე ნათარგმნი წიგნი შეემატა. ცენტრის წევრები მთელი თურქეთის ტერიტორიაზე დადიან და ქართულ წიგნებს საჩუქრებად არიგებენ. ბოლოს ცენტრის დამაარსებლებმა კიდევ ერთი პროექტი წამოიწყეს, რომლის გაგრძელებას პანდემიის მერე აუცილებლად აპირებენ.

ორჰან ბერიძე: „ჩვენ ბათუმის უნივერსიტეტმა საჩუქრად გადმოგვცა „ვეფხისტყაოსნის“ გარეკანით დიდი წიგნი, რომელშიც ხელით გადაწერილი პოემა შევა. მსგავსი პროექტი საქართველოში დაწყებულია, მაგრამ თურქეთში პირველად კეთდება. 

ამბავი მშობლიურ ზეცას მონატრებული კაცისა, რომელიც თურქეთში ყველაზე ქართულ საქმეს აკეთებს

- ბატონო ორჰან, საინგილოში როდის იყავით ჩასული?

- ისტორიულ ჰერეთში 2019 წლის 5-7 მაისს სტამბულის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დამფუძნებელი, ქალბატონი სალომე ბარამიძე–სეზენ გონენჩ ოქჯანი, აგრეთვე სტამბულში არსებული ქართული ენის სახლის თავმჯდომარე, ბატონი ეშრეფ ილმაზ მახარაძე და თქვენი მონა-მორჩილი – მე, ორჰან ბერიძე ჩავედით. ნათია ოთარაშვილმა გვიმასპინძლა. იქ გავიცანით მასწავლებელი, რომელმაც „ვეფსიტყაოსნის“ ხელით გადაწერა უკვე დაამთავრა. მინდა მადლიერებით და განსაკუთრებული პატივისცემით გავიხსენო ნათიას დედა, ოჯახის დიასახლისი, პედაგოგი დარიკო ტარტარაშვილი და მისი ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გამასპინძლება.

ამბავი მშობლიურ ზეცას მონატრებული კაცისა, რომელიც თურქეთში ყველაზე ქართულ საქმეს აკეთებს

- იქაურ ქართველებთან შეხვედრებიდან რა გახსენდებათ?

- იქ გავიცანით ჰერეთელი ქართველობა, თითოეული მათგანი გულში სიყვარულით ჩავიკარით, მონატრებულები ერთმანეთს ვუზიარებდით, თუ როგორ ფეთქავს ჩვენი გული საქართველოსთვის. იმ საოცრად საინტერესო საუბრებმა გვიან ღამეებამდე გასტანა. მე მათ მოვუყევი ჩემი ცხოვრების განსაკუთრებულად ამაღელვებელი ეპიზოდი, თუ როგორ შევისწავლე მშობლიური ქართული ენა და მამაჩემის საფლავზე პატივის მისაგებად მისულმა, როგორ ვახარე მის სულს, რომ ამიერიდან ქართულად თავისუფლად ვმეტყველებდი და ვაზროვნებდი.

ამბავი მშობლიურ ზეცას მონატრებული კაცისა, რომელიც თურქეთში ყველაზე ქართულ საქმეს აკეთებს

- გავიგე, რომ ჰერეთში თურმე ლექსი მოგიძღვნეს...

- ჰერეთში ყოფნის დროს ჩვენთან დილით, ადრიანად ბატონი ზურაბ პაპიაშვილი მოვიდა და მითხრა: “ორჰან, ძმაო, მე თქვენ ლექსი მოგიძღვენით“. ბატონი ზურაბი იქ მცხოვრები ცნობილი პოეტია. მოვისმინე თუ არა ლექსი, სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიმორცხვე, დავფიქრდი, რაოდენ ღირსი ვიყავი ამ პატივისა, მაგრამ გულის-გულში ძალიან  გამიხარდა. ჰერეთში ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ბატონ ზურაბს და ჰერეთელ ნათესავებს ბავშვობიდან ვიცნობდი. დიდ მადლობას ვუხდი ყველას ჩემი ასეთი დაფასებისთვის.

ამბავი მშობლიურ ზეცას მონატრებული კაცისა, რომელიც თურქეთში ყველაზე ქართულ საქმეს აკეთებს

- გავაცნოთ ის ლექსი ჩვენს მკითხველს...

- სიამოვნებით:

მე ვერ ვხვდებოდი, რატომ ვკრთებოდი,

რად მეშლებოდნენ გულში იანი,

როცა მესმოდა ჩემთვის უცნობი,

მამის სიტყვები - ხალისიანი.

მე ვერ ვხვდებოდი, რატომ მიხმობდა

ცაში საფრენად სული ხელებით,

მეფერებოდნენ მამის თვალებში

აცეკვებული ცისარტყელები.

და რომ გავიგე, და რომ შევიგრძენ,

მივხვდი, რომ ღირდა სიტყვა სათქმელად:

დავბადებულვარ თურმე ლექსისთვის,

დავბადებულვარ თურმე ქართველად!“

- ვიცი, რომ საკუთარი ვიდეოარხი დააარსეთ, რა სახის მასალებს ტვირთავთ მასზე?

- დიახ, „იუთუბზე“ ჟურნალისტის ფუნქციაც ვიკისრე და მნიშვნელოვან ქართულ თარიღებზე ვლაპარაკობ, ვიხსენებ გამორჩეულ ქართველებს და მათ ეროვნულ საქმეებს.

15 მარტს დიდი პატივისცემით მივულოცე დაბადებიდან ასი წლის იუბილე ღვაწლმოსილ მწერალსა და მეცნიერს სიმონ არველაძეს, რომელიც თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე შექმნილი მდიდარი შემოქმედებით საქართველოს მემატიანედ იქცა. მომავალში ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ქართული საქმეები, ბევრი რამე გვაქვს ჩაფიქრებული და პანდემიის მერე, იმედია, ყველაფერს ავასრულებთ.

- სოციალურ ქსელებში გყავთ ბევრი ქართველი მეგობარი და ვხედავ, რომ ძალიან გეფერებიან...

- ერთმა ფეისბუქელმა მეგობარმა მომწერა: „შენ ხარ ქართველების ბულბული ქართული გულით!“ მას მერე ვფიქრობ, ამ სიტყვების ღირსი ვარ თუ არა?.. ერთი იგავი მახსენდება: ბულბული ოქროს გალიაში ჩასვეს, ის კი – სამშობლო და სამშობლოო, გაიძახოდა გამუდმებით. ასე ვარ მეც. თურქეთში არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არწივივით მონატრებული ვარ მშობლიური ზეცის სივრცეს და სამშობლოს. რა ვქნა, მიყვარს! ეს გრძნობა მუდამ ჩემშია და ჩემზე მეტია...