„კომენდანტის საათის“ გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოს გზით მოითხოვენ

შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე ერთ-ერთია, რომელიც ბევრი შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ჯერ კიდევ მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა და მოძრაობა „სოლიდარობის“ წარმომადგენლებმა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს.

რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში 15 მარტიდან

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. შეზღუდვა მოქალაქეების გადაადგილებაზე თავდაპირველად 22 საათიდან მოქმედებდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მისი ერთი საათით გაგრძელება – 21:00-დან 05:00 საათამდე – გადაწყდა.

მოსარჩელეები დადგენილ შეზღუდვებს გადაადგილებაზე არაკონსტიტუციურს უწოდებენ.

„საქართველო არის რეკორდსმენი ქვეყანა „კომენდანტის საათის“ ხანგრძლივობის მიხედვით და ეს უკვე აშკარად არის პოლიტიკური და არა ეპიდემიის საწინააღმდეგო. კატეგორიულად მოვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომ ამ ნაწილში მაინც იყოს კონსტიტუციის დამცველი და არა ხელისუფლებისა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლეიბორისტული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის ჯარიმა 2 ათასი ლარია. როდესაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 400 ლარია, აბსურდულია ამ ოდენობის ჯარიმა, მიიჩნევს მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი ლაშა შუკაკიძე. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საკითხიც უნდა განიხილოს – რამდენად კანონიერია ჯარიმა.

ღამის გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება: რა საკითხები განიხილეს საკოორდინაციო საბჭოზე

„ვინაიდან დღეს მთავრობის დადგენილებით ისევ მოქმედებს „კომენდანტის საათი“, რომელიც აბსურდულია, ჩვენი სარჩელიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად კანონიერი და სამართლიანია „კომენდანტის საათი“, – განაცხადა ლაშა შუკაკიძემ.

შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე სხვა ბევრი აკრძალვის მოხსნის შემდეგ ერთ-ერთი ის დარჩენილი შეზღუდვაა, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს სავალდებულო პირბადის ტარებისა და მასობრივი ღონისძიებების აკრძალვის პარალელურად.