თბილისი, 16 მარტი – Sputnik. დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის განხილვის ეტაპზეა, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
საუბარია მეტროს ახალი ხაზის – სამგორი–ლილო–აეროპორტის მშენებლობაზე.
როგორც ხმალაძემ განმარტა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, მაგრამ დაპროექტების ეტაპი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო ჯერ არ დაწყებულა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას განხილვის შემდეგ, ახლო მომავალში მიიღებს.
„მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით ჯერ უარი არავის უთქვამს. აღნიშნული პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისგან. პირველი იყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევიდან გამომდინარე, რომელიც სამ ვარიანტზე მზადდებოდა, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და შემდეგ – თუ რომელი ვერსია უნდა განეხორციელებინა საპროექტო კომპანიას“, – განაცხადა ხმალაძემ.
ამის შემდეგ სამშენებლო ეტაპი უნდა დაწყებულიყო, აღნიშნა მან.
„ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილია, ხოლო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, ჯერ მიღებული არ გვაქვს. პანდემიის გამო კიდევ უფრო გართულებულია მდგომარეობა, ერთი მხრივ, სახსრების მობილიზებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, მეორე – პანდემიამ სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირებაზე დიდი გავლენა იქონია“, – განაცხადა ხმალაძემ.
აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, აღნიშნა ვიცე-მერმა.
„განხილვის დასრულებამდე კი რთულია იმის თქმა, რომელ ვერსიას გავყვებით და, საერთოდ, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული ინფრასტრუქტურაა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ვიცე-მერის თქმით, მთლიანად პროექტის ღირებულებამ შეიძლება 300-400 მილიონი ლარი შეადგინოს.
„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, როდის მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის მთავარია მივიღოთ არა სწრაფი, არამედ სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა გათვალისწინებული იყო თბილისის მერიის პროექტში „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“.
ხვალიდან თბილისში ავტობუსის ახალი მარშრუტი ამოქმედდება >>
თავდაპირველი პროექტით სამგორიდან ლილოს მიმართულებით მეტროს დაახლოებით რვა ახალი სადგურის აშენება იგეგმება. მიწისზედა მეტროთი მისვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდეც იქნება შესაძლებელი.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზისა 40 კილომეტრია, ხოლო მეორე ხაზის – 17 კილომეტრი.