თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ინგლისურ-შვედური კომპანია AstraZeneca, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აწარმოებს, უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი ვაქცინა მძიმე შედეგებს იწვევს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ არც ერთ ასაკობრივ კატეგორიაში არ დადასტურდა თრომბის წარმოქმნის მომატებული რისკი AstraZeneca-თი ვაქცინაციის შემდეგ.
„ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში 17 მილიონი აცრილი ადამიანის უსაფრთხოების მონაცემების ყურადღებით განხილვამ აჩვენა, რომ არ არსებობს დადასტურებული გაზრდილი რისკი ფილტვების ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს დამატებითი ტესტირებები როგორც მათი, ისე ევროპის სამედიცინო უწყებების მხრიდან. განგაშის მიზეზები არ გამოვლენილა.
„უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია ყურადღებით აკვირდება პროცესს, თუმცა არსებული მაგალითები არ ადასტურებს, რომ გართულებების მიზეზი ვაქცინა იყო. პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინა აუცილებელია“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
კორონავირუსზე ასაცრელად უკვე 1500 მედმუშაკი ჩაეწერა>>
რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა შეაჩერეს. მაგალითად, ავსტრიის ხელისუფლებამ, სიფრთხილის მიზნით, გადაწყვიტა შეეჩერებინა AstraZeneca-ს პრეპარატის ერთ-ერთი პარტიის გამოყენება აცრილი ქალის გარდაცვალებისა და სხვა აცრილ პაციენტში თრომბოემბოლიის განვითარების გამო. ამის კვალდაკვალ ანალოგიური ნაბიჯები გადადგეს ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, ლატვიამ, ნორვეგიამ და სხვა ქვეყნებმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (ჯანმო) განაცხადეს, რომ AstraZeneca-ს სარგებელი ჭარბობს ნეგატიურ მონაცემებს ვაქცინის შესახებ და მისი გამოყენება შემდგომაც რეკომენდებულია.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია – 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. ის სამედიცინო პერსონალის აცრისთვის არის განკუთვნილი.
AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოებაში მოსახლეობის დასარწმუნებლად ვაქცინაცია პირველმა ქართველმა ინფექციონისტებმა ჩაიტარეს პირდაპირ ეთერში.