თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი გეგმავს ელდარ შენგელაიას „შერეკილების“, რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარების“ და ალექსანდრე რეხვიაშვილის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკის“ რესტავრაციას, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ კინოცენტრში. ეს ფილმები სამშობლოში რუსეთიდან, „გოსფილმოფონდის“ საცავიდან ჩამოიტანეს.
კინოცენტრში აღნიშნავენ, რომ კინემატოგრაფიულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა – ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.
მართალია, 2020 წელს დაწყებული პანდემიის გამო კინოცენტრმა ვერ მოახერხა „გოსფილმოფონდიდან“ დაგეგმილი ფილმების ასლების ჩამოტანა, მაგრამ ტექნიკური საქმიანობა, კერძოდ, ფილმების აღდგენა–რესტავრაცია არ შეწყვეტილა.
ამ ფირებთან ერთად კინოცენტრი საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით 2021 წელს კიდევ რვა ფილმის რესტავრაციას გეგმავს:
- ივანე პერესტიანის „სურამის ციხე“
- ივანე პერესტიანის „არსენა ჯორჯიაშვილი“
- ამო ბეკ-ნაზაროვის „მამის მკვლელი“
- ნიკოლოზ შენგელაიას „გიული“
- ზაქარია ბერიშვილის „იბრაჰიმი და გოდერძი“
- გიორგი მაკაროვის „ქალი ბაზრიდან“
- მიხეილ გელოვანის „ახალგაზრდობა იმარჯვებს“
- ლეო ესაკიას „ჰოლტზე“.
რვავე ფილმი ქართული კინემატოგრაფიისთვის მნიშვნელოვან 1920-იან წლებშია გადაღებული, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ მომენტისთვის რუსული „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილია 60-მდე ფილმი. აქედან 23 რესტავრირებულია. რესტავრირებული ფილმების რაოდენობა წლის ბოლომდე 34-მდე გაიზრდება.