წყალტუბოში იუსტიციის სახლი გაიხსნება

სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. წყალტუბოში სულ მალე იუსტიციის სახლი გაიხსნება, სადაც ადგილობრივებისთვის იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისი გახდება ხელმისაწვდომი, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.

წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

წყალტუბოს იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება შესაძლებლობა, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს.

წყალტუბოს იუსტიციის სახლში დასაქმდება 13 ადამიანი.

გარდაბანში იუსტიციის სახლი გაიხსნება

დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 ცენტრი ფუნქციონირებს.

წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება. რეგიონში, ფილიალები უკვე ფუნქციონირებს  ქუთაისსა და ხონში. იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს ასევე გარდაბანში, ხაშურსა და სამტრედიაში.

დღეს საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. მათგან 6 მშენებლობა მიმდინარეა, დანარჩენ 7 რაიონში კი, ან უკვე მზადაა სამშენებლო პროექტები და შერჩეულია მიწის ნაკვეთები, ან ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნავენ სამინისტროში.

სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო.

2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 13 ახალი ფილიალი შეემატა. 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონის, ბოლნისისა და ქარელის მცხოვრებთაც შეუძლიათ.