თბილისი, 14 მარტი – Sputnik. მმართველ პარტიაში გააკეთებენ ყველაფერს, რათა ოპოზიციასთან დიალოგი წარმატებით დასრულდეს, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.
შვედი დიპლომატი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. დანიელსონი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დამოუკიდებელი საქართველოს“ წევრებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
დილით დანიელსონთან შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
„იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. ეს ყველაფერი, ბუნებრივია დამოკიდებულია მხარეებზეც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, მას შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება საღამომდე არ შეუძლია.
„ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება მანამდე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
მან აქცენტი სამართლიან შეთანხმებაზე გააკეთა და აღნიშნა რომ „წითელი ხაზი“ სამართლიანობაზე გადის.
„მთავარია, რომ შეთანხმება იყოს სამართლიანი და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით. რასაც ჩავთვლით სამართლიანად, ბუნებრივია ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა“, - განაცხადა კობახიძემ.
დღესვე კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისგან დადებითი ტონალობა შეინიშნება.
„მივესალმები იმ განცხადებების ტონალობას, რომელიც გაკეთდა დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან და მივესალმები, რომ მათი მხრიდან მოიხსნა ის ხელოვნური წითელი ხაზები, რომელსაც ისინი ატარებენ მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. მაგრამ შეხვედრა გამოაჩენს, არის ეს რიტორიკა სიტყვები სიტყვებისთვის, თუ ეს რიტორიკა გამოიხატება მზადყოფნაში კონკრეტული კომპრომისის და კონკრეტული შეთანხმებისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები საბოლოო ჩიხში შევიდა, კრიზისის მოსაგვარებლად საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესტუმრა. მან პირადად შეადგინა სია განსახილველად, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგება: ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, „პოლიტპატიმრებისა“ და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და დიალოგის სავალდებულო გაგრძელება 15 მარტამდე.
მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ 16 მარტისთვის, როდესაც ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას მიმოიხილავენ.