კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი ერთი დღით გაახანგრძლივა

მხარეებს შორის დიალოგის გასაგრძელებლად ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტს ერთი დღით ახანგრძლივებს.

დანიელსონის თქმით, მხარეებს შორის დიალოგისთვის ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი პრემიერის ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ გაგრძელდება

„ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ყველა მხარე მაქსიმალურად ჩართული იყო პროცესში. ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას. მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ“, – აღნიშნა დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ამიტომაც ის ამხელა ძალისხმევას დებს მოლაპარაკებათა პროცესში.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ხვალ შევძლებ გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

დღეს მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ორი შეხვედრა გამართა - დილით და საღამოს, ხოლო შუალედში წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

შვედი დიპლომატი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მისი ვიზიტის მიზანია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზაცია. დანიელსონი შეხვდა ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, „ქართული ოცნების“ და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

შეხვედრებს ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.