თბილისი, 14 მარტი - Sputnik. იაპონიის ხელისუფლებამ მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებითი შეზღუდვები დააწესა. საუბარია უცხოური ლიდერების ღონისძიებებზე თანმხლებ ჯგუფებში ადამიანების რაოდენობის შემცირებაზე. ამის შესახებ იუწყება Kyodo წყაროებზე დაყრდნობით.
კერძოდ, საელჩოების წარმომადგენლებს მოუწოდეს, სახელმწიფოს მეთაურებისთვის თანმხლები ჯგუფის წევრების რაოდენობა 11 კაცამდე შეამცირონ, ხოლო მინისტრების - ოთხამდე.
ადრე ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეჯიბრებებზე ქომაგების დასწრება აკრძალეს. მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ერთ თვეში დაზუსტდება. 3 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ქომაგებს შეძახილები და სიმღერები აეკრძალებათ. სპორტსმენებისადმი მხარდაჭერის გამოხატვა მხოლოდ აპლოდისმენტებით იქნება შესაძლებელი.
ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე ქომაგების გამგზავრების პირობა 2020 წლის ნოემბერში დასახელდა. აღინიშნა, რომ გულშემატკივრები ტრიბუნებზე მოხვედრას მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის არსებობის შემთხვევაში შეძლებენ.
2020 მარტში გადაწყდა, რომ არახელსაყრელი ეპიდვითარების გამო 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ისინი 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტომდე გასტანს.