„ყველას მოვუწოდებ თავშეკავებისკენ“ - სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებს მიმართა

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, შუამავლების როლი ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა იკისრეს
Sputnik

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველა პოლიტიკურ ძალას თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა მოლაპარაკებისთვის არსებული შანსი გამოიყენონ.

პარასკევს საქართველოში ჩამოვიდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

„ნაცმოძრაობამ“ მოლაპარაკებებზე საკუთარი მოთხოვნების შესახებ განაცხადა

„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო თავშეკავებისაკენ – არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს. თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, დაიცვან სიტყვის თავისუფლების ძირითადი თავისუფლებები და პრინციპები.

„ამ თავშეკავებაზეა დამოკიდებული როგორ წარდგება საქართველო (და აქ მინდა, გარკვევით ვთქვა, რომ საქართველო) და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა უმნიშვნელოვანეს მომენტში, უმნიშვნელოვანეს ადგილას, ანუ ბრიუსელში, ევროპის წინაშე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან წარმატებული მოლაპარაკების იმედი აქვს

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები საბოლოო ჩიხში შევიდა, კრიზისის მოსაგვარებლად საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესტუმრა. მან პირადად შეადგინა სია განსახილველად, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგება: ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, „პოლიტპატიმრებისა“ და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და დიალოგის სავალდებულო გაგრძელება 15 მარტამდე.

მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ 16 მარტისთვის, როდესაც ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას მიმოიხილავენ.