AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველომ COVID-19-ს საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი პარტია მიიღო, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო AstraZeneca/Oxford-ოს ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა, რომელიც შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ არის წარმოებული. როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ეს დოზები განაწილდება პროტოკოლოს მიხედვით, რომელიც საქართველოს ვაქცინაციის საბჭომ შეიმუშავა.

ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.

სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში, 15 მარტიდან დაიწყება.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყება. პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მედმუშაკები, რომლებსაც ბოლო 120 დღის განმავლობაში არ გადაუტანიათ კორონავირუსი.

ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანა მზად არის ვაქცინის შემოსვლისთანავე დაიწყოს საჭირო პროცედურები

მედპერსონალმა და ვაქცინაციაში მონაწილე ყველა პირმა ტრენინგები უკვე გაიარა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ საქართველოში მაისის ბოლომდე შემოვა AstraZeneca-ს 129.600 დოზა და Pfizer-ის 29.250 დოზა, რომელიც ქვეყანას COVAX-პლატფორმამ გამოუყო.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

როგორც ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში ვაქცინაციის გეგმა არ იცვლება – პირველ რიგში აცრა სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. თუმცა, პრიორიტეტული ჯგუფები თავად მედპერსონალს შორისაც განისაზღვრება. პირველ რიგში აცრა ჩაუტარდება იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებთან უშუალო კონტაქტში არიან: კოვიდ-კლინიკებისა და სასწრაფო დახმარების მედიკოსებს.

ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მზადაა 9 სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რაოდენობა ახლო მომავალში 15-მდე გაიზრდება.