საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სტანდარტის მონიტორინგის სისტემა ინერგება

ახალი SMART ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს დაცვისა და მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას და, საბოლოოდ, ის უზრუნველყოფს არა მარტო უნიკალური ბუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას და შემოსავლების ზრდას.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. დაცული ტერიტორიების მართვისა და რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაში თავს მოიყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მონაცემები.

„რეინჯერებს გადაეცათ SMART მოწყობილობები, სადაც ინტეგრირებულია აღნიშნული აპლიკაცია. ახალი SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა უფრო მეტად ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის რეინჯერთა პატრულირებას და, შესაბამისად, დაცული ტერიტორიების მართვას”, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

ამ ეტაპზე SMART პატრულირება განხორციელდება ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, მტირალას, კინტრიშის და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე 118 რეინჯერის მიერ. აღნიშნულ პარკებს 2021 წლის ბოლომდე შეუერთდებიან თუშეთის, ყაზბეგის, ალგეთის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების 98 რეინჯერი. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაცული ტერიტორიების 80% აღჭურვილი იქნება SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის მოწყობილობებით.

საქართველოს კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება

ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციის რეინჯერებმა პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები გაიარეს. დღეისთვის ყველა დაცული ტერიტორია აღიჭურვა პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთებით.

SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა დაცულ ტერიტორიებზე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივის პარტნიორია ფონდი Global Conservation.

SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის პილოტირება დაცულ ტერიტორიებზე 2019 წლიდან დაიწყო. რეინჯერებისთვის შესაბამისი ტრენინგები უტარდებათ. სამომავლოდ სისტემის დანერგვა საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე მოხდება.