ვაქცინა შემოვიდა: რა გეგმით დაიწყება ვაქცინაცია საქართველოში

ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება
Sputnik

თბილისი, 13 მარტი – Sputnik.  საქართველოში ვაქცინაციის პროცესისთვის შერჩეულია 82 დაწესებულება, აქედან ვაქცინაცია 15 მარტიდან პირველ ეტაპზე 29 ცენტრში დაიწყება.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში დარეგისტრირებული არის სულ 64.051 მედმუშაკი. აქედან ვაქცინაციას ექვემდებარება 54 ათასი ადამიანი. პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. დღეს 12:00 საათზე რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში დაიწყო მედპერსონალის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია - სამედიცინო დაწესებულებაში სასურველი თარიღის, დროის შერჩევა და რიგის დაჯავშნა. 

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი პარტია შემოიტანეს - ვიდეო

მისი განცხადებით, ვაქცინაციისთვის შეირჩა 82 დაწესებულება, სადაც ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებულია ის შესაბამისი აღჭურვილობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირებას და შემდეგ განთავსებას.

„ეს პროცესი დღეს დღეობით არის დაავადებათა კონტროლის მონიტორინგის ქვეშ, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მაკონტროლებელ და მარეგულირებელ დაწესებულებას“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამცრელი ცენტრების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

„პირველ ეტაპზე, ანუ ორშაბათიდან აცრა დაიწყება 29 ცენტრში. ეს არის თბილისის და ყველა რეგიონალურ ცენტრებში გამოყოფილი შესაბამისი ამცრელი კაბინეტები, რომელთაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქალაქების და რეგიონების მიხედვით ვაქცინაციის ცენტრები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • თბილისი -10
  • ქუთაისი - 4
  • ბათუმი - 4
  • რუსთავი -2
  • ზუგდიდი 2
  • ყველა რეგიონალურ ცენტრში იქნება თითო-თითო ამცრელი კაბინეტი.

17 მარტს ამას დაემატება 35-მდე დაწესებულება, ხოლო 19 მარტს კიდევ 23 დაწესებულება.

„ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება მთლიანად ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა დღეს შემოსული 43 200 დოზის ადმინისტრირება მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, ანუ მეორე აცრა, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია

დღეს საქართველომ COVID-19-ს საწინააღმდეგო შვედურ-ბრიტანული წარმოების ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი პარტია - 43.200 დოზა მიიღო, რომელიც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას მოხმარდება. ვაქცინის პირველ პარტიას თბილისის აეროპორტში თავად ამირან გამყრელიძე და დაადადებათა კონტროლის ცენტრის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.

გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, აპრილის მეორე ნახევარში საქართველოში AstraZeneca-ს 86 ათასი დოზა შემოვა. COVAX-პლატფორმისგან შესაბამისი დასტური უკვე მიღებულია.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი და მათი მომვლელი პერსონალი - დაახლოებით 2000 ადამიანი. შემდეგ კი ვაქცინაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაგრძელდება - 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

„ასე მივყვებით ჩვენი გეგმის მიხედვით, რომლის მიხედვითაც, წელს ქვეყანაში უნდა აიცრას 1,7 მლნ ადამიანი ორჯერადად. ანუ ეს არის დაახლოებით 3,4 მლნ დოზა. თავისი გარკვეული დანაკარგით, ჩვენ ვანგარიშობთ სადღაც 3,9 მლნ დოზას, რომლის მობილიზაცია ქვეყანაში წელს გაკეთდება. გარანტირებული არის 1,4 მლნ დოზა COVAX-დან, რომლითაც შემოვიდა სწორედ ეს პირველი ვაქცინა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა >>

მისი თქმით, თანდათანობით ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება.