უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

თბილისში ვიზიტის ფარგლებში პიტერ სიიარტომ ხელი მოაწერა ორ მემორანდუმს – განათლებისა და სამეცნიერო–ტექნიკური კვლევების სფეროში ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების შესახებ
Sputnik

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველო და უნგრეთი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ – შესაბამის მემორანდუმებს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს თბილისში სამუშაო ვიზიტის დროს მოეწერა.

როგორც საქართველოს მთავრობის ვებ–გევრდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ინტერნაციონალური უმაღლესი განათლების, ისე სამეცნიერო–ტექნიკური კვლევების სფეროებში.

ქართულ-უნგრული თანამშრომლობის პერსპექტივები: უნგრეთის მთავარი დიპლომატის ვიზიტის შედეგები

ქართული მხრიდან პროგრამებისა და პროექტების მართვას უზრუნველყოფს განათლების საერთაშორისო ცენტრი, ხოლო უნგრული მხრიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს პიტერ სიიარტომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება, მათ შორის სავაჭრო–ეკონომიკურ, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში.

„ექსიმბანკი“ უნგრულ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება>>

საქართველოს პრემიერი მიესალმა უნგრული ლოუკოსტერის Wizz Air მზადყოფნას, აღადგინოს საერთაშორისო რეისები საქართველოდან, რაც ხელს შეუწყობს ხალხებს შორის კავშირების გამტკიცებასა და ტურიზმის განვითარებას.

განხილვის ერთ–ერთი თემა იყო კოვიდ–ვითარება მსოფლიოში და კერძოდ, პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული ზომები უნგრეთსა და საქართველოში.

Wizz Air–ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს 20 მიმართულებით განახორციელებს

შეხვედრის დასრულებისას პიტერ სიიარტომ საქართველოს მთავრობის მეთაური უნგრეთში მიიწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უნგრეთი მაისში ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.  საქართველო უკვე იყო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა მათი თავმჯდომარეობის დროს ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

„საუბარი ასევე შეეხო მომავალში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსაც. პრემიერ-მინისტრმა მიიღო მიწვევა უნგრული მხარისგან, რომ ეწვიოს უნგრეთს მისთვის ხელსაყრელ დროს და ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა მაღალ დონეზე გაგრძელდება“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.