თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი ერთი კვირით, 16–დან 22 მარტამდე გაგრძელდა. ამის მიზეზი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარდალიასმა.
ჯანმო კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს>>
ამ პერიოდში იმოქმედებს მანამდე დაწესებული ყველა შეზღუდვა – პირბადის ტარების რეჟიმი, კომენდანტის საათი 21:00–დან 05:00 საათამდე, სამრეწველო საქონლის მაღაზიების, საპარიკმახეროების მუშაობის აკრძალვა. ამას გარდა ატიკასა და სალონიკში უქმე დღეებში კომენდანტის საათი 19:00 საათიდან იწყება. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ საკუთარ რაიონში შეუძლიათ. ჯარიმა პირბადის ტარების წესისა და გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის 300 ევროა.
РИА Новости–ს ინფორმაციით, ხარდალიასმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკეტილი იქნება 29 მარტამდე, გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება.
საბერძნეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საყოველთაო კარანტინი 2020 წლის 7 ნოემბრიდან მოქმედებს. ზემოთ აღნიშნული შეზღუდვების გარდა, არ მუშაობენ თეატრები, მუზეუმები, კინოთეატრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და სხვ.
კარანტინი 4 მარტს გამკაცრდა, შეიზღუდა მოქალაქეების გადაადგილება.