„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობა შეჩერდა

ხელისუფლება გეგმავს დაიქირავოს დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც შეისწავლიან ჰესის მშენებლობის პროექტს და ჩაატარებენ კვლევებს
Sputnik

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დამატებითი კვლევების ჩატარებამდე  „ნამახვანჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, დანარჩენი სამუშაოები გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ. 

„ნამახვან ჰესის“ პროექტის შესაბამისობას სტანდარტებთან საერთაშორისო კომპანია შეისწავლის

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის  წინააღმდეგ გაზრდილი პროტესტის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს პროცესებში პირადად ჩართვა და მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დაავალა –ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ოთხ თვეზე მეტია საპროტესტო აქციას მართავენ. 

„კომპანიასთან შევთანხმდით, რომ ისინი ჰესის  კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას არ დაიწყებენ, ვიდრე ჩვენ არ გადავამოწმებთ ძირითად კვლევებს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობა დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც ისარგებლებენ მოსახლეობის ნდობით, რათა მათ შეისწავლონ პროექტი და ჩაატარონ კვლევები.

ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ დანარჩენი სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.