შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში შეხვედრებს იწყებს

ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საქართველოში გამთენიისას ჩამოფრინდა.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე თბილისშია და მედიატორის მისიის შესრულებას იწყებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენელი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური მონიტორინგისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ხელშეწყობის მიზნით გამოაგზავნა.

როგორც დანიელსონმა აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა, იგი მოუთმენლად ელოდება მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. „მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან დატვირთულ მუშაობას. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა,  მოგვიანებით თქვენთან საუბარს შევძლებ," - განაცხადა დანიელსონმა. 

მიშელი პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით საქართველოში პირად წარმომადგენელს გზავნის

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

შვედი დიპლომატი  ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვისთვის ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. თავის მხრივ, ჰარცელმა განაცხადა, რომ ეს იქნება „სამი ინტენსიური დღე, რომლებიც გვაჩვენებს შესაძლებელია თუ არა ჩიხიდან გამოსვლა“.

კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.

კრისტიან დანიელსონი ამჟამად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია შვედეთში, მანამდე კი მუშაობდა შვედეთის მუდმივ წარმომადგენლად. 2011 წელს დაინიშნა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ. 2013 წელს დანიელსონი გახდა გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.

შარლ მიშელი თბილისს ორდღიანი ვიზიტით 1 მარტს ეწვია. ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გარდა, მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ევროპელმა დიპლომატმა მხარეებს კომპრომისისა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების მოძიებისთვის ორკვირიანი ვადა მისცა.