ავღანეთში გოგონებს საჯაროდ სიმღერა აეკრძალათ

გადაწყვეტილების ნამდვილობა, რომელიც სახელმწიფო ტელეკომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, განათლების სამინისტროს პრესმდივანმა დაადასტურა
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ავღანეთის განათლების სამინისტრომ საჯარო ღონისძიებებზე სიმღერა აუკრძალა 12 წელს ზემოთ გოგონებს, იუწყება Deutsche Welle.

სამინისტროს დადგენილების თანახმად, აკრძალვა ვრცელდება ქვეყნის ყველა სკოლაზე — როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორზე. აკრძალვის დაცვაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ სკოლის დირექტორებს ეკისრებათ.

ერთადერთი გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორია, რომლის წინაშეც გოგონები წარსდგებიან, მთლიანად ქალებიგან იქნება შემდგარი.

​მთავრობის გადაწყვეტილება ქაბულის ტელეკომპანია Ariana News–მა გამოაქვეყნა საკუთარ Twitter–აკაუნტზე. მისი ნამდვილობა ავღანეთის განათლების სამინისტროს პრესმდივანმა ნაჯიბა არიანმა დაადასტურა.

  • ამასთან მან განმარტა, რომ უწყებამ ეს გადაწყვეტილება მშობლებისა და მოსწავლეების მიმართვის საფუძველზე მიიღო.

გარდა ამისა, ამიერიდან მამაკაცებს ეკრძალებათ სიმღერის მასწავლებლად მუშაობა 12 წელზე უფროსი ასაკის გოგონებთან.

ქვეყნის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტმა რუჩი კუმარმა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ფასეულობების მიბაძვად შეაფასა, რომელიც გაერომ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.