ხელისუფლებამ შარლ მიშელის წარმომადგენელს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა

თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ–მინისტრს
Sputnik

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი“ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა,  მოლაპარაკებებში მმართველი პარტიის მხრიდან ჩაერთვებიან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ვიცე–სპიკერი კახა კუჭავა. 

შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში შეხვედრებს იწყებს

შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგში მედიატორის მისიით ჩამოვიდა და პრეზიდენტთან და პრემიერ–მინისტრთან შეხვედრები გამართა.

„მინდა ჩვენი გუნდის, პარტიის სახელით გამოვხატო და სრული მზაობა დავაფიქსირო. ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენ ეს არაერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან შეხვედრების დროს, სხვადასხვა ფორმატში. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მზაობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი დანიელსონის თბილისში ვიზიტს მიესალმა და აღნიშნა, რომ იგი გამოცდილი დიპლომატია.

„იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება ძალიან მოკლე დროში. მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის იმედი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირისა და პირადად დანიელსონის ჩართულობასთან დაკავშირებით. 

„დიალოგი გარანტირებულია“ – საქართველოში მიშელის გადაწყვეტილებას აფასებენ

როგორც ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ დანიელსონის ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და მისი გამოცდილება მხარეებს არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზების მოძიებაში დაეხმარება.

თავის მხრივ, შვედმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში დღეს ჩართული მხარეები მზად არიან შეთანხმების მიღწევისთვის.

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის იქნება რეგიონში დემოკრატიისა და სტაბილურობის მაგალითი და ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს, რამდენადაც იგი საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის.

დასავლელი შუამავლები რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ „ეს წითელი ხაზია“, არჩევნების გაყალბების ბრალდება უსაფუძვლოა და ოპოზიციას მოლაპარაკებების დროს სხვა საკითხებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებენ.

ადრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კრიზისის დაძლევის გზების მოძიებისთვის პოლიტიკურ ძალებს ვადა მარტის შუა რიცხვებამდე მისცა. იგი იმყოფებოდა საქართველოში და პირადად შეადგინა განხილვისთვის ექვსპუნქტიანი დოკუმენტი.

მისი გამგზავრების შემდეგ მხარეებმა რამდენჯერმე განაცხადეს მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა შეხვედრა არ შემდგარა. უფრო მეტიც, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოითხოვა მოლაპარაკებებიდან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოშორება. ამ ფონზე შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონს პირადი წარმომადგენლის მანდატი მიანიჭა, რომელიც ამ ეტაპზე ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია შვედეთში.