YouTube-ბლოგერებს გადასახადები უწესდებათ: Google განცხადებას ავრცელებს

თუ ვიდეობლოგერები კომპანიას შესაბამის ინფორმაციას არ მიაწვდიან, მაშინ დაიბეგრება ყველა ის შემოსავალი, რომლებსაც ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მათი კონტენტების ნახვის შედეგად იღებენ.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ამერიკული კომპანია Google სერვის YouTube-ს ბლოგერებისთვის გადასახადის დაწესებას აპირებს მიმდინარე წლის ზაფხულიდან, ნათქვამია „გუგლის“ საიტზე.

TikTok-ის მსგავსი: YouTube-მა ახალი პლატფორმა შექმნა – ვიდეო

კომპანიაში აზუსტებენ, რომ საუბარია იმ ბლოგერებზე, რომლებიც შემოსავალს იღებენ რეკლამებიდან.

„კომპანია Google უკვე 2021 წლის ივნისში გეგმავს გადასახადების მოკრებას ქვეყნის გარეთ მცხოვრები ავტორებისგან, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს შემოსავლებზე“, — მიმართა კომპანიამ ბლოგერებს.

ამასთან „გუგლი“ ავტორებს სთხოვს, წარადგინონ შესაბამისი საგადასახადო ინფორმაცია AdSense-ში მიმდინარე წლის 31 მაისამდე, რათა კომპანიამ გადასახადის სწორი თანხა გამოთვალოს.

კომპანიის ინფორმაციით, გადასახადით დაიბეგრება ის შემოსავალი, რომელსაც ბლოგერები მათი კონტენტების აშშ-ის ტერიტორიიდან ნახვით იღებენ.

„იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საგადასახადო ინფორმაცია 2021 წლის 31 მაისამდე წარმოდგენილი არ იქნება, Google-ს შეუძლია მოითხოვოს თქვენი მსოფლიო YouTube–შემოსავლების 24%-ის ჩამოჭრა“, — განუმარტავს „გუგლი“ ვიდეობლოგერებს.

იმ შემთხვევაში, თუ ავტორი აუცილებელ ინფორმაციას წარადგენს, მისი საგადასახადო ტარიფი 0-დან 30%-მდე ფარგლებში იქნება იმის მიხედვით, აქვს თუ არა მის ქვეყანას საგადასახადო შეთანხმება აშშ-თან.