კავკასიელები გერმანიაში, ანუ Когда ему будет приятно

ამ ორი კავკასიელის შეხვედრა გერმანიის ქალაქ ტარპში შედგა. ერთი მათგანი, მიხეილ ჰარტენიანი, ყოფილი სამხედრო პირია სომხეთიდან, მეორე – საქართველოდან ჩასული, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყოფილი მსახიობი ია გოგიბერიძე.
Sputnik

სწორედ ეს უკანასკნელი დაგვიკავშირდა და გვთხოვა, რომ ბატონ მიხეილზე მასალა დაგვეწერა.

კავკასიელები გერმანიაში, ანუ Когда ему будет приятно

- ქალბატონო ია, როგორ გაიგეთ ბატონი მიხეილის ნამუშევრებზე?

- ჩვენ გერმანიაში ერთ ქალაქში, ოღონდ სხვადასხვა ქუჩაზე ვცხოვრობთ. მის შესახებ შემთხვევით გავიგე. ერთხელ, ადგილობრივ მაღაზიაში ყოფნის დროს, ნაცნობ კავკასიურ საუბარს მოვკარი ყური, ერთი მათგანი ბატონი მიშას მეუღლე აღმოჩნდა. ჩვენ ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და როცა გაიგო მსახიობი ვარ, შემომთავაზა მისი მეუღლის ხელით გაკეთებული ნამუშევრები მენახა. იმ დღიდან დაწყებული ვმეგობრობთ.

მიხეილ ჰარტენიანი, ყოფილი სამხედრო პირი და თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია, რაც ისეთი ჩვეულებრივი მასალისგან, როგორიცაა ქაღალდი და მუყაო ძალიან საინტერესო ნამუშევრებს ქმნის. ამჟამად გერმანიაში მკურნალობის კურსს გადის და, შეიძლება ითქვას, თითქმის ყოველდღე საწოლთან მოწყობილ „სახელოსნოში“ საქმიანობს.

კავკასიელები გერმანიაში, ანუ Когда ему будет приятно

- ბატონო მიხეილ, გერმანიამდე რას საქმიანობდით?

- ყოფილი სამხედრო პირი ვარ, ამჟამად პენსიონერი. ლენინაკანში დავიბადე და ეჩმიაძინში ვცხოვრობდი. მესამე წელია, რაც გერმანიაში სამკურნალოდ ვიმყოფები. მანამდე, 1985 წლიდან 91 წლამდე გდრ-ში ვმსახურობდი.

კავკასიელები გერმანიაში, ანუ Когда ему будет приятно

- ხელოვნებით როდის დაინტერესდით?

- ხელოვნება მთელი ცხოვრება მიყვარდა, ბავშვობიდან ვხატავ, ყოველთვის ვხატავდი ან რაიმეს ვჭრიდი. მოკლედ, მიყვარდა ყველაფრის კეთება, რაც ხელით იქმნება. ახლა ავად ვარ, ჩემი ადგომა არ შეიძლება, წოლითი რეჟიმი მაქვს და ასეთ მდგომარეობაშიც კი უქმად ვერ ვჩერდები. საწოლთან მიდევს ყველაფერი: სახატავი ფანქრები, საღებავები, ფუნჯები. რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ.

კავკასიელები გერმანიაში, ანუ Когда ему будет приятно

- ძირითადად ერთ მასალას იყენებთ...

- დიახ, ძირითადად რითიც ვაკეთებ ამ ნივთებს, მუყაო და ჟურნალ-გაზეთების ფურცლებია. ახლაც ვმუშაობ, აქ ერთი კაცია სომხეთიდან, მთხოვა და მისთვის სამეფო ეტლს ვაკეთებ. ეტლიც მუყაოსგანაა, სახურავი აბრეშუმის ქსოვილისგან გავუკეთე. მასზე მუშაობა თითქმის დავასრულე, ოღონდ არ ვიცი ამ ეტლისთვის ცხენების საკითხი როგორ იქნება, ეს მასთან ერთად უნდა განვიხილო.

კავკასიელები გერმანიაში, ანუ Когда ему будет приятно

დიდი ხანია ფრაზები გიორგი დანელიას ფილმიდან „მიმინო“ ჩვენს ლექსიკაში დამკვირდა. მათში ბევრჯერ ნაცადი სიბრძნე და სიკეთეა. მაგალითად, დავრწმუნდით იმაში, რომ ადამიანურ ურთიერთობაში ყველაზე კარგად ხაჩიკიანის მარტივი პრინციპი მოქმედებს: Когда ему будет приятно, я буду чувствовать, что мне тоже приятно. ჩვენი რესპონდენტიც ზუსტად ასე თვლის. მის სახლში საგანგებო ადგილზე მსახიობ ფრუნზიკ მკრტჩიანის ფოტოა, რომელიც ზეთის საღებავებით დაფარა და ხელნაკეთ ჩარჩოში ჩასვა. როცა იმ ცნობილ პრინციპზე ვკითხე, ღიმილით დამეთანხმა: Да, если мои работы вам понравилась, значит и мне приятно...

კავკასიელები გერმანიაში, ანუ Когда ему будет приятно

- საქართველოში თუ ყოფილხართ?

- ქართველებს ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან ვიცნობ. მაშინ ჩვენთან, სამხედროში ბათუმიდან და ქუთაისიდან ჩამოსულები მსახურობდნენ, კარგი ბიჭები იყვნენ. მათთან ვმეგობრობდი და ჭიქის აწევაც მიყვარდა. საერთოდ, მიყვარს თქვენი ხალხი. ჩვენ ხომ მონათესავე ერი ვართ და ერთნაირად გვიყვარს სტუმრის მიღება და დახვედრა. საქართველოში, რა თქმა უნდა, ნამყოფი ვარ. თბილისში დეიდაშვილები მყავს, მოსკოვის გამზირზე ცხოვრობენ. ბოლოს იქ 92 წელს ჩავედი, მაშინ ჯერ კიდევ ვმსახურობდი.

კავკასიელები გერმანიაში, ანუ Когда ему будет приятно

- შვილებს ინტერნეტით ხშირად ესაუბრებით?

- საწოლთან ისე მაქვს პლანშეტი დამაგრებული, რომ ინტერნეტთან ხელი ადვილად მიმიწვდება და შვილებსაც ხშირად ვესაუბრები. სხვათა შორის, ჩემი უფროსი ვაჟი მხატვარია, სამხატვრო აქვს დამთავრებული. შვილები ძალიან მენატრება...

კავკასიელები გერმანიაში, ანუ Когда ему будет приятно

- რაზე ოცნებობთ?

- იცით, რაზე ვოცნებობ? სანამ გერმანიაში ვმკურნალობ, მოსკოვში და სომხეთში ორი შვილიშვილი შემეძინა. ისინი მხოლოდ სკაიპით მყავს ნანახი. ამ ვირუსმა გზები გადაკეტა, თორემ შვილები აპირებდნდნენ აქ ჩამოსვლას. ძალიან მინდა შვილიშვილების ნახვა, მინდა, რომ ისინი ხელში ავიყვანო, მოვეფერო მათ და გარეთ ვასეირნო. შეიძლება აქაც ჩამომიყვანონ, ოღონდ ეს კარანტინი და კოვიდი მალე დასრულდეს...