ყაველაშვილი: თუ კალაძე კანდიდატურას დააყენებს, ის იქნება უალტერნატივო

დღეს მმართველმა პარტიამ ოფიციალურად დაიწყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება, კონსულტაციები მერობისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით
Sputnik

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხელ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ კახა კალაძე კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას თბილისის მერად, იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება და მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაიწყო. აღნიშნული საკითხი უმრავლესობის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გაიმართა.

„სხვადასხვა დამოკიდებულებები არსებობს, გვექნება მსჯელობა, გავივლით ყველა კანდიდატს, ესეც პროცესია ჩვეულებრივი. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა სასურველი კანდიდატები შევარჩიოთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

თავად როგორც კალაძემ განაცხადა, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით.

კახა კალაძე თბილისის მერი 2017 წელს გახდა. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კი ის 2011 წელს ჩაერთო - გახდა პარტია „ქართული ოცნების" წევრი. 2012 წელს კალაძემ მოიგო არჩევნები სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში გაიმართება.