სომხეთის პრეზიდენტმა ოპოზიცია და პრემიერი შეხვედრაზე მიიწვია

მისი სიტყვებით, დღევანდელ ვითარებაში ერთადერთი მიზანია ქვეყნის დაცვა რყევებისგან, გაუთვალისწინებელი შედეგებისგან
Sputnik

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა 13 მარტს შეხვედრაზე მიიწვია პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საპარლამენტო ძალების და ოპოზიციური მოძრაობის „სამშობლოს გადასარჩენად“ ხელმძღვანელები, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის მეთაურის გადადგომას ითხოვენ. იუწყება РИА Новости.

სომხეთის პარლამენტში ოპოზიციონერები შეიჭრნენ – სომხური პროტესტის „ცხელ-ცხელი“ ფოტოები

„ვიხელმძღვანელე ნაციონალური და საერთო ეროვნული ინტერესებით და შექმნილი ვითარების განხილვის, კრიზისიდან გამოსასვლელად ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების გამონახვის მიზნით, 13 მარტს, 12:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში ვიწვევ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო ფრაქციების, მოძრაობის „სამშობლოს გადასარჩენად“ ლიდერებს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სარქისიანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთავაზებაზე პასუხს 11 მარტის 17:00 საათამდე მიიღებს. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, ვითარება კვლავ დაძაბულია, რამაც სახელმწიფოს გაუთვალისწინებელი, შეუქცევადი შედეგები შეიძლება მოუტანოს.

„პრობლემა ბევრია. მათ მოსაგვარებლად საჭიროა სასწრაფო სისტემური ცვლილებები, მათ შორის, საკონსტიტუციო და საკანონმდებლო. საკუთარი პოზიცია არაერთხელ გამოუთქვამთ მთავრობას, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს. თუმცა არ არსებობს ურთიერთგაგება და ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი. მეტიც, გახშირდა შეურიგებლობისკენ მოწოდებები“, - ამტკიცებს სარქისიანი.

მისი სიტყვებით, დღევანდელ ვითარებაში ერთადერთი მიზანი იყო და რჩება ქვეყნის დაცვა რყევებისგან, გაუთვალისწინებელი შედეგებისგან.

„სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესია, ვითარების მოგვარება გადაუდებელ მოთხოვნად იქცა“, - ხაზს უსვამს პრეზიდენტი.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში

მორიგი საპროტესტო აქციები ერევანში რუსული წარმოების „ისკანდერების“ შესახებ ფაშინიანის გაუფრთხილებელი გამონათქვამის შემდეგ დაიწყო. მან განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დროს მოწოდებული ტექნიკა გაუმართავი იყო. მოგვიანებით ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

სომხეთში ოპოზიციამ ახალი პირობები წამოაყენა

მასმედიის მონაცემებით, სომხეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ დასცინა პრემიერს, რის გამოც ფაშინიანმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მან გენშტაბის ხელმძღვანელის ონიკ გასპარიანის გათავისუფლების ბრძანებაც მოამზადა, თუმცა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ის თავისი არგუმენტებითურთ პრემიერის აპარატს დაუბრუნა.

მთავრობის მეთაურმა ხელმეორედ გაუგზავნა დოკუმენტი პრეზიდენტს, მან კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თუმცა, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში უშუალოდ გასპარიანის გადაყენების შესახებ ბრძანებულების პროექტი არ გაასაჩივრა და განაცხადა, რომ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის კომპეტენციას წარმოადგენს როგორც იურიდიული პროცედურების თვალსაზრისით, ისე საკონსტიტუციო პასუხისმგებლობის და პოლიტიკური შედეგების კუთხით.

მანამდე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, თავის მხრივ, ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს. მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა ეს შეაფასა, როგორც გადატრიალების მცდელობა და თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ამასობაში ოპოზიციამ პარლამენტთან ბარიკადები აღმართა და კარვები გაშალა. ისინი ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არ არიან განწყობილი და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.