სომხეთში ოპოზიციამ ახალი პირობები წამოაყენა

ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენლებმა ეროვნული კრების შენობა დაბლოკეს. მათ ის პირობები დაასახელეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში გახსნიან პარლამენტის შესასვლელებს.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ოპოზიციური მოძრაობის „სამშობლოს გადასარჩენად“ კოორდინატორმა იშხან საგატელიანმა წარმოადგინა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ვარიანტი, თუმცა ამავე დროს ის დარწმუნებულია, რომ მოქმედი ხელისუფლება მას არ მიიღებს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

„ნიკოლ ფაშინიანი ოთხშაბათს, 12:00 საათამდე მივიდეს პარლამენტში და გადადგეს. მაშინ დავთანხმდებით არჩევნებზე. მაგრამ ის ამას არ იზამს, რადგან პრემიერის სავარძელს „მიეწება“, – განაცხადა მან.

ფაშინიანმა სომხეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მზადყოფნა გამოთქვა

მანამდე კი ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელები დაბლოკა. დემირჭიანის ქუჩაზე სამსახურებრივ შესასვლელთან დგას კარვები და აღმართულია ბარიკადები ნაგვის კონტეინერებისგან. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

საგატელიანმა გამოთქვა მზადყოფნა „გახსნას დერეფანი“ ფაშინიანისთვის, რადგან ამჟამად პარლამენტის ყველა შესასვლელი დაბლოკილია. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციონერები ღამეს გაათენებენ ბაგრამიანის გამზირზე და დემირჭიანის ქუჩაზე და ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატებს შენობაში მანამდე არ შეუშვებენ, სანამ ისინი პრემიერის იმპიჩმენტზე არ დათანხმდებიან.

„მას პოლიტიკური უმრავლესობა არ აქვს. ფაშინიანი ცდილობს ოპოზიციური ფრაქციები მასთან გარიგებაზე დაითანხმოს, მაგრამ მას არაფერი გამოუვა“, – განაცხადა საგატელიანმა.

„შეცდომაში შემიყვანეს“: ფაშინიანმა „ისკანდერებთან“ დაკავშირებით თავი იმართლა

ადრე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელსუფლებას იმედი აქვს, ოპოზიციასთან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კონსენსუსს მიაღწევს. მან „ნათელ სომხეთს“ და „აყვავებულ სომხეთს“ შესთავაზა მემორანდუმი იმის შესახებ, რომ ოპოზიციური ფრაქციები არ წარადგენენ პრემიერობის საკუთარ კანდიდატებს. ამის შემდეგ კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მაგრამ მან უარი თქვა გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის გადადგომის გაუქმების საკითხის განხილვაზე.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. პრემიერმა გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა და ონიკ გასპარიანის გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი არ მოაწერა დოკუმენტს და ის თავისი არგუმენტებითურთ პრემიერის აპარატს დაუბრუნა.

მთავრობის მეთაურმა ხელმეორედ გაუგზავნა დოკუმენტი პრეზიდენტს, მან კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თუმცა, პრეზიდენტმა გასპარიანის გადაყენების შესახებ უშუალოდ ბრძანებულების პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში არ გაასაჩივრა და განაცხადა, რომ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის კომპეტენციას წარმოადგენს როგორც იურიდიული პროცედურების თვალსაზრისით, ისე საკონსტიტუციო პასუხისმგებლობის და პოლიტიკური შედეგების კუთხით.